საზოგადოება

ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა

11.07.18 21:40


ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირევლი არხი.

ორმაგი მოქალაქეობის (აშშ-სა და საქართველოს) მქონე რაიან და ლორა სმიტების გარდაცვალებისა და მათი ოთხი წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 7 ივლისს გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დანაშაული 6 ივლისს მოხდა. მამა-შვილი მოკლეს, დედა კი გაქცევისას ხევში ჩავარდა და დაიღუპა.

„შოკში ვართ" – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული 42 წლის ლორა სმიტი 6 ივლისს ავტომობილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ჩანჩქერის პირას გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეუღლის, 43 წლის რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი ზვავში ჩამალული იპოვეს.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავეს.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს მიიღო. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო სხომაზე მალხაზ კობაურმა დანაშაული არ აღიარა. მისი თქმით, სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა, რომლებიც მასაც ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრნენ. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, კობაურმა დანაშაული აღიარა.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები