პოლიტიკა

გოგი თოფაძე ბურჯანაძე-მეჭიაურის გუნდთან კოალიციურ კავშირს არ გამორიცხავს

07.07.16 18:20


პარლამენტის წევრი, მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოგი თოფაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „პატრიოტთა ალიანსთან“ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ერთად, მონაწილეობას არ გამორიცხავს.

როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, იგი უპირატესობას იმ პარტიებს მიანიჭებს, რომლებიც უცხოელი პარტნიორების რჩევებზე დამოკიდებულები არ არიან.

მისივე თქმით, იმ პარტიებთან დაკავშირებით, რომლებთან ერთადაც არჩევნებში ჩართვას გეგმავს, გარკვეული პრობლემებიც არსებობს, რომელიც გასათვალისწინებელია.

როგორც თოფაძე აცხადებს, მის მიერ ჩამოთვლილ პარტიებს იმხელა პრივილეგიები არ აქვს, როგორც მის პარტიას.

„გადაწყვეტილების მიღების ვადა აგვისტომდე გვაქვს. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენ და თითქმის ყველა რაიონში ჩვენი აქტივისტები გააქტიურდნენ. ჩვენ არ გვაქვს გადალახვის პრობლემა. მე არ გამოვრიცხავ ნინო ბურჯანაძის ძალიან პოზიტიურ პოზიციას, „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციებს, რეალობის ობიექტურ გაშუქებას.მეჭიაური აქტიურობს, ძალიან დადებითი ადამიანია და თავისი პოზიციით გამოხატავს საქართველოს დადებით პერსპექტივას.

მე და ჩემს თანაგუნდელებს მიგვაჩნია, რომ უფრო კარგი იქნება პარტიები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი უცხოურ კარნახსა და რჩევებზე. ძალიან მივესალმები, თუ ეს ოთხი პარტია შევა პარლამენტში და ისე შევქმნით კოალიციას, როგორც ეს ყველა წამყვან ქვეყანაში ხდება.

2012 წლის არჩევნებამდე კოალიციას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მთავარი იყო, მოგვეცილებინა ის ხელისუფლება და დაგვეწყო საქართველოს აღორძინება ერთად.

გავიდა წლები და პოზიციები განსხვავებულია, ამიტომაც აუცილებელი იყო კოალიციის დაშლა და ვნახოთ, რომელი პარტია დაიმსახურებს ხალხის ნდობას.

შემდეგ უკვე პარლამენტში შევკრავთ კოალიციას და ჩვენი პოზიციებიც თანხვედრი იქნება, ალბათ. თუმცა არის პრობლემები, რომლებიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს“, მეჭიაურის პარტიას არ აქვს ის პრივილეგიები, რაც ჩვენ. ამიტომ ეს მომენტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ძალებიც უნდა იყოს პარლამენტში, რათა საქართველოს სწორ გეზზე ვიფიქროთ. „ქართული ოცნება“, რომელსაც ეს წლები წინა ხელისუფლების ვალების გადახდა მოუხდა, მილიარდებზეა ლაპარაკი, ახლა უფრო თამამად შეუდგება, ახალი კოალიციის შემთხვევაში, საქართველოს ბედის გადაწყვეტას“,-აღნიშნა თოფაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები