საზოგადოება

სუს-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაციას უმასპინძლა

20.07.18 15:30


სუს-ის ორგანიზებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაციასთან სამდღიანი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დანაყოფის უფროსმა, აჰმედ სეიფ ელ-დავლამ გახსნეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და გაერო-ს შორის დიალოგის გაღრმავება, ქვეყნის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულების მონიტორინგი, ხელშეწყობა და ტერორიზმის გლობალურ საფრთხეებზე ინფორმაციის გაცვლა, ასევე, კომიტეტის ბოლო ვიზიტის შემდეგ, ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა და იმ სფეროების განსაზღვრა, რომელი მიმართულებითაც საქართველოს შეუძლია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების იმპლემენტაციაზე რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ: კონტრტერორისტული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის ეფექტურობა, უწყებათაშორისი კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, საზღვრის მართვა, რადიკალიზაციის პრევენცია და სხვა საკითხები.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველო, ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი უწყვეტი ძალისხმევისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის შემდგომ გაძლიერების საქმეში მისი მზაობისათვის. აღინიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2015 წელს განახორციელა უცხოელი ტერორისტი მებრძოლების დაბრუნების კრიმინალიზაცია.

სტუმრად მყოფმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა არაერთ ეფექტურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უწყებათაშორის კოორდინაციას. ასევე, აღინიშნა დისკუსიებში მონაწილე უწყებების პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის ექსპერტები, ასევე, წარმომადგენლები გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1540 (2004) რეზოლუციის შესაბამისად შექმნილი უშიშროების საბჭოს კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფიდან („1540 ექსპერტთა ჯგუფი“), კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციდან (INTERPOL), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან (IMO), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან (IOM) და გაერო-ს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისიდან (UNODC).

დისკუსიებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მონაწილეობდა ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში ჩართული საქართველოს ყველა შესაბამისი უწყების 80-მდე წარმომადგენელი როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების, ასევე, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და მოსამართლეები.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები