პოლიტიკა

მეშახტეების დაღუპვის შესასწავლად NGO-ები საგმოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

20.07.18 17:15


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ.

ორგანიზაციები ითხოვენ, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოლს და შეაფასოს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში, “საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევა. ასევე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხს.

“საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები”,- აცხადებენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობა განსაკუთრებულად ცხადია ტყიბულის შახტებში მომხდარ შემთხვევებთან მიმართებით. არც ერთ შემთხვევაზე, ამ დრომდე, გამოძიებას არ შეუსწავლია და დაუდგენია საწარმოს მმართველებისა თუ სხვადასხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

“სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, უფლებების და ინტერესების დაცვის სფეროში სისხლის სამართლის პოლიტიკის აშკარა ინდიფერენტულობა და უსამართლობა, სამართალდაცვით პოლიტიკაში სოციალური იერარქიების ღრმა პრობლემაზე მიუთითებს და სოციალურად გარიყული ჯგუფებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არსებითად ასუსტებს. ტყიბულში არსებული სოციალური კატასტროფის მასშტაბის”,- აცხადებენ ორგანიზაციები.

2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან, სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით, 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით.

დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.
საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ღია საზოგადოების ფონდი

სოლიდარობის ქსელი–მშრომელთა ცენტრის

ახალგაზრდა სოციალისტები

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები