საზოგადოება

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა

30.07.18 22:00


საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საკონსტიტუციო სასამრთლომ რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1282) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის.

მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

ისეთი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანებისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიშ შედეგებს, არ გააჩნია ღირებული საჯარო ინტერესი.

მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოპასუხის პოზიციით მარიხუანის მოხმარება არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვა მარიხუანისგან მომდინარე ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებისგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას.

მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

დავის საგანი:

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის“, – წერია განცხადებაში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები