პოლიტიკა

დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით ცესკოს მიმართა

10.08.18 15:50


"შენების მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატების" და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს.

დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, მათი კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს.

“ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე განაცხადი, ამ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიაში ჩართულია რამდენიმე პარტია, როგორც “თავისუფალი დემოკრატები", ისე “ეროვნული ფორუმი”, “შენების მოძრაობა” და ცალკეული პირები, ჩვენ დღეიდან დავიწყებთ უკვე იმ კანონით გათვალისწინებული ხელმოწერების შეგროვებას, რათა საბოლოო რეგისტრაცია მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავით უსუფაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, მთელი ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დღეს განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს და ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი, ინსტიტუციურად დალაგებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებს დავით უსუფაშვილის სახით ძალიან კარგი არჩევანი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატი, ამ პროცესებში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება აქამდე პოლიტიკურად იმდენად აქტიურები არ ყოფილიყვნენ, რადგან თავიანთ პროფესიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ჩვენი ამოცანები არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ეს არის პოლიტიური პროექტი, რითაც ეს ხელისუფლება 2020 წელს უნდა შეიცვალოს,” - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

მისივე თქმით, “შენების მოძრაობის” პოზიცია საგარეო კურსთან დაკავშირებით არის ის, რომ რუსეთი აგრესორია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.

წყარო: IPN

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები