საზოგადოება

UNFPA ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მარნეულში აღნიშნავს

11.08.18 16:50


12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გასაზრდელად, ქალაქ მარნეულში რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ახალგაზრდებს თანასწორობის თემაზე სასაუბროდ მოიწვევს. ასევე მხატვარი გაგოშა ახალგაზრდებთან ერთად მარნეულში, ჯავახიშვილის სახელობის პარკში „თანასწორობის კედელს“ მოხატავს. გარდა ამისა, გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობით, ამავე პარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოიფინება დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოპროექტი „გოგონა დაიბადა“, რომელიც თბილისში, კახეთსა და მარნეულში მცხოვრები იმ ოჯახების ისტორიას აღწერს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ.

„ფოტოპროექტის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგონებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნაწილია იმ საკომუნიკაციო კამპანიისა, რომელსაც UNFPA-ს საქართველოს ოფისი, შიდა ქართლის რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტების ქალთა ოთახებთან ერთად ახორციელებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და გენდერული სტეროტიპების შეცვლის მიზნით. კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სამწლიანი გლობალურ პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ (2017-2019) ფარგლებში“, - ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის ქართული ოფისის ინფორმაციაში.

წყარო: IPN

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები