პოლიტიკა

საგარეო უწყება - აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი

14.08.18 15:45


საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში, - ასე ეხმაურება საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ხელმოწერას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA), რომელიც 2019 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

„ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი. კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE). ქვეთავში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, რაც, თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს და ნატო-ს ძალებთან თავსებადობას გააუმჯობესებს. ამასთანავე, კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი, ასევე, ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას. კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

წყარო: IPN

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები