საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მთავრობას და საკრებულოს მოუწოდებენ

14.08.18 16:55


არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მთავრობას და საკრებულოს მოუწოდებენ, არ გასცენ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პრესკონფერენცია გამართეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ დიღმის მოსახლეობის მოთხოვნას და მიმართავენ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, არ გასცენ ნებართვა ახალი მშენებლობისთვის, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია კი გამოცხადდეს ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც 9 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს.
კერძოდ: „კავკასიური სახლი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“, „CENN“ და „უსაფრთხო სივრცე“.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, დიღმის მოსახლეობა და აქტივისტები დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად 15 წელია იბრძვიან. მისი თქმით, დღეს კი ახალი პრობლემა დგება - შესაძლოა, კომპანია „ანაგმა“ იქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყოს, რომელიც სამომავლოდ დიღმის ტყე-პარკს დააზიანებს.

„ახალი კომპლექსი მხოლოდ ორანჟერია არ იქნება. ეს იქნება ასევე სადღესასწაულო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და ბევრი სხვა რამ და თუ ეს მშენებლობა დაიწყო, ბევრი სხვა გაჩერებული მშენებლობაც შეიძლება აღდგეს. საბოლოოდ კი ძალიან დიდი ზიანი მიადგება პარკს. მხოლოდ ორანჟერიის წინააღმდეგი არავინ არ იქნებოდა, თუმცა გასაოცარია, რა საჭიროა ხელოვნური ორანჟერია, სადაც არის ბუნებრივი პარკი და დასასვენებელი ადგილი“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიაში დიღმის 500-მა მოსახლემ შეიტანა საჩივარი, რომელსაც არასამთავრობოებიც მხარს უჭერენ.

წყარო: IPN

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები