საზოგადოება

ზუგდიდში ფერმერებს კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

15.08.18 17:50


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის შეფუთვისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას მოიცავს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.acda.gov.ge 2019 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

“პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც საკუთრებაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გააჩნიათ. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა მომსახურების ღირებულების 10%- ს შეადგენს.

სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს ბრენდირების კომპონენტს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.

დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: kvira.ge

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები