პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებს შეხვდა

20.08.18 20:20


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, მოადგილეებთან, ნინო გოგუაძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, აშშ-ის კონგრესის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიის განმტკიცებას და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერას მოიცავს, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პარლამენტსა და აშშ-ის კონგრესს შორის თანამშრომლობის განვითარება იყო. ეს განსაკუთრებით შეეხება კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეზოლუციების მიღების პროცესში, მჭიდრო კოორდინაციას და საქართველოში კონგრესმენებისა და სენატორების ვიზიტებს. საუბარი ასევე შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმს, რომელსაც პარლამენტი სექტემბრის ბოლოს გამართავს.

„საუბრისას, აქცენტი გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების როლზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და ამ კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზების შესახებ. ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი და მათი მხრიდან მაღალი ინტერესი საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამერიკასთან ყველა დონეზე მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება. ის ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო მიმართულებით და კონკრეტულად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, მათთან აქტიური კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არაღიარების პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, საქართველოს ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.

„კონგრესის თანამშრომლებთან, მრჩევლებთან, რომლებიც პოლიტიკოსებთან ერთად ამზადებენ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, აქტუალური საკითხების სწორად წარმოჩენა, მათთვის ობიექტური ინფორმაციის და სწორი გზავნილების მიწოდება. თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პარალელურად, კონგრესი პროაქტიულად მუშაობს საქართველოს მხარდასაჭერად. არაერთი რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტია კონგრესის მიერ გამოცემული და ეს, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ამას ამზადებს და პოლიტიკოსებს, თავიანთ ხელმძღვანელებს წარუდგენს”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოს 19 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები შეხვდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს. სტუმრები სოფელ წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებენ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები