პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო მუდმივად არის გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში

20.08.18 20:40


საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

მისი თქმით, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიური იყო, რასაც ადასტურებს ორმხრივი ვიზიტები, როგორც საქართველოდან გერმანიაში, ისე გერმანიიდან საქართველოში.

„სულ ახლახან მქონდა გერმანიაში ვიზიტი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობების ძალიან აქტიური დინამიკა. მოგეხსენებათ, გერმანია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების, რაც ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებში მკაფიოდ გამოიხატა, მათ შორის, ევროკავშირის მიმართულებით, ასევე ნატო-ს სამიტზე, როდესაც გერმანიამ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დებულებების ასახვას იმ დეკლარაციაში, რომელიც ნატო-ს სახელიმწიფოს მეთაურების მიერ იყო მიღებული. ქალბატონი მერკელის ვიზიტი კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ ურთიერთობების სერიოზულობას, იმას, რომ საქართველო მუდმივად არის გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში“, -განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტს სერიოზული ეკონომიკური კომპონენტი ექნება. იგეგმება ეკონომიკური ფორუმი. გერმანიის დელეგაციაში იქნებიან წამყვანი გერმანული კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დონე უნდა იყოს თავსებადობაში, შესაბამისობაში იმ მაღალ პოლიტიკურ ურთიერთობებთან, რომელიც ჩვენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან გვაქვს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ანგელა მერკელისა და პუტინიკის შეხვედრაზე რატომ არ მოხვდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების საკითხი, დავით ზალკალიანმა უპასუხა, რომ არასერიოზულია ოპონენტების შეფასება, თითქოს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან გამქრალია.

„ჩვენ მოვისმინეთ ოპონენტების განცხადებები, რომ თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და მათ შორის გერმანიის რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგიდან. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასერიოზული, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა.

ჯერ ერთი აბსოლუტურად არასერიოზულია იმის მტკიცება, იყო თუ არა განხილული საქართველოს საკითხი, რომ ამის შესახებ ოპონენტებმა იციან, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა და შეხვედრა ისე დატოვეს ლიდერებმა, რომ მოლაპარაკებების ძირითად თემებზე არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად ვიცით, რაც დადასტურდა კიდეც რამდენიმე თვის წინ ჩემი გერმანიაში ვიზიტის დროს - ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ საქართველო მუდმივად დგას და მომავალშიც იქნება რუსეთთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში. ის ფაქტი, რომ ანგელა მერკელი ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოდის, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო იყო და მუდმივად იქნება რუსეთთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი თემა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები