ანალიტიკა

ერევნის (ირევანი) ისტორიული ცენტრი

29.08.18 17:00


გამოვიდა ფოტო-ალბომი - „ერევნის (ირევანი) ისტორიული ცენტრი,“ (რუს.ენაზე). ავტორი ფუად ახუნდოვი, შემდგენელი- რიზვან ჰუსეინოვი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძისა და ამავე მუზეუმის მთავარი კურატორის ელდარ ნადირაძის თანადგომით გამოვიდა ალბომი.

ფოტო-ალბომში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ( 1844-1916) მიერ გადაღებული ერევნის ისტორიული ძეგლების ფოტო-სურათები.

ვიდრე ალბომის შინაარსს განვიხილავთ ვფიქრობთ, უპრიანი იქნება მოკლედ გავეცნოთ ერევნის სახანოს შეგლის ისტორიას. დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე შუასაუკუნეებში დამკვიდრდა სეფევიდების დინასტია. სეფევიდმა შაჰ-ისმაილმა 1504 წელს მის სარდალს რევანგულ-ოღლის დაავალა ამ ტერიტორიაზე აეშენებინა ციხე-სიმაგრე. ციხე-სიმაგრის მშენებლობა დამთავრდა 1511 წელს.

აქ შეიძლება მოუხმოთ აკად. ვ.ბოტოლდას, რომელიც ერევნის შესახებ წერდა - „როგორც სოფელი ერევანი შეიქმნა თემურ-ლენგის დროს (XIVს-ის დასასრული), ხოლო ქალაქად გადაიქცა XVI ს-ში შაჰ-ისმაილის ზეობაში.“ (თხზ.ტ.VII, მოსკოვი, 1971, გვ. 212-213, რუს. ენაზე).

ერევნის სახანო კი დაარსა შაჰ-აბასმა 1604 წელს. მთელი ძალაუფლება შაჰის მიერ დანიშნულ სარდლის ხელში იყო მოქცეული. იგი ითვლებოდა მეფის ნაცვლად და ბეგლარბეგი ეწოდებოდა. ერევნის სახანო დაყოფილი იყო წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულებად და მას მაჰალები ეწოდებოდა. XIXს-ის დასაწყისისთვის მათი რაოდენობა 15-ს აღწევდა. მაჰალების მმართველებს ნაიბები ან ბეგები ეწოდებოდა. არც თუ იშვიათად ნაიბები გამაჰმადიანებული სომხები და ქართველები იყვნენ. ქართველები თვით ერევნის ხანებიც იყვნენ. მაგ. ერევნის ხანი იყო კონსტანტინე კახთა მეფე (მაჰმად-ყული-ხანი).

ნადირ-შაჰის მოკვლის (1747) შემდეგ ირანი ანარქიამ მოიცვა და ზოგიერთმა სახანომ, მათ შორის ერევნის სახანომ ნახევად დამოუკიდებლობა მოიპოვა.

XVIII ს-ის მეორე ნახევარში გაძლიერებული მეფე ერეკლე II-ს ვასალი გახდა ერევნის სახანო.

ერევნის სახანოს ცენტრი იყო ქალაქი ერევანი, რომლის ციხე-სიმაგრე აიღო გენერალმა პასკევიჩმა (1827), თურქმანჩაის ზავით (1828) ერევნის სახანო რუსეთს შეუერთდა და ეწოდა ერევნის ოლქში, რომლის მმართველი ერთხანს იყო ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტი, გენერალი ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ერევნის მცხოვრებთა დემოგრაფიული სურათი ამ წლებში ასე გამოიყურება: „ მუსლიმები (ძირითადად აზერბაიჯანლები) 1828 წლამდე ერევნის ოლქში დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ. საკუთრივ ქალაქ ერევანში 1832 წელს 11.463 კაცი ცხოვრობდა- 7.331 მუსულმანი და 4.132 სომეხი. ე.ი 36.0 პროცენტი იყო სომეხი, თუ გადმოსახლებულ სომხებს არ მივიღებთ მხედველობაში. მაშინ სომხები ქალაქის მოსახლეობის 24,4 პროცენტს, ხოლო მუსულმანები 75,6 პროცენტს შეადგენდნენ ( ან. თოთაძე- „დიდი სომხეთის „დიდი შემოქმედნი“ თბ. 2015, გვ.18).

მოტანილი დემოგრაფიული მონაცემები მოწმობს, რომ რუსეთთან შეერთების ოთხი წლის შემდეგ ერევანი ისევ მუსლიმთა ქალაქია. ამ ისტორიული ფაქტის გაგონებაც არ უნდათ სომხებს.

ამასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მახსენდება. გასული საუკუნის 70-იანი წლები იქნებოდა. სამეცნიერო მივლინებით ვიყავი ერევანში. სომხეთის სახელმწიფო არქივში დაცულ პროფ. ალ. ხახანაშვილის არქივის შესასწავლად. არქივის თანამშრომლებისგან გავიგე, რომ ერევნის უნივერსიტეტში ტარდებოდა ისტორიის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია. რა თქმა უნდა წავედი უნივერსიტეტში. შევედი დარბაზში თუ არა კათედრაზე ავიდა ამერიკელი სომეხი პროფესორი სუნი, რომელმაც მოხსენება ერევნის ისტორიით დაიწყო და თქვა - ერევანი მუსულმანთა ქალაქი იყო XIXს-ის 20-იან წლებშიო. ე.ი გენერალ პასკევიჩის მიერ ერევნის ციხე-სიმაგრის აღებამდე ( 1827). წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მთელი დარბაზი, როგორც ერთი კაცი წამოიჭრა და დაიწყეს გააფთრებული ყვირილი - მოღალატე, იუდა, მოსყიდულიაო და ჩასაქოლად მიიწევდნენ. რექტორატმა სასწაროდ გამოიძახა მილიცია. მილიციამ გააკეთა „კორიდორი“ და ასე გაიყვანეს დარბაზიდან პროფ. სუნი. იმ დღეებში მთელი ერევანი პროფ. სუნს ლანძღავდა.

თუ არ ვცდები ეს ინციდენტი პროფ. სუნმა გამოაქვეყნა კიდეც.

მოგონების ეს ფრაგმენტი იმიტომ მოვიტანე, ერევანი მუსულმანური ქალაქი რომ იყო, ამ ისტორიულ ფაქტს ვერ ეგუებიან სომხები.

აქედან გამომდინარე რახან ერევანი ასეული წლების მანძილზე მუსულმანური ( აზერბაიჯანელ - თურქული) ქალაქი იყო ბუნებრივია აქ იკნებოდა მუსლიმურ - კულტურული და რელიგიური ისტორიული ნაგებობანი, ერევნის ციხე-სიმაგრე, ხანის სახანო, მეჩეთები, აბანოები და სხვ. ერევნის სახანოს რუსეთთან შეერთების თანავე დაწყებულა ამ ისტორიული ძეგლების განადგურება. შემდეგ მას თანდათან ფართო მასშტაბური ხასიათი მიუღია. ამას მოწმობს მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოება და ერევნის გუბერნიის მაღალი თანამდებობა ჩინოვნიკებს შორის მიმოწერა. ამ საარქივო მასალის მიხედვით მტკიცდება, რომ არქეოლოგიურ კომისიას დაუდგენია ხანის სასახლის აღდგენა. აკად. ნ. მარისთვის დაუვალებია ადგილზე შეემოწმებინა ხანის სასახლის მდგომარეობა.

როგორც ალბომში გამოქვეყნებულ საარქივო მასალებიდან ირკვევა 1909 წელს ხანის სასახლის კაპიტალური რემონტისთვის გამოყოფილი ყოფილა 1200 მანეთი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაორმაგდებოდა. 1911წელს ივლისში მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიის კომისიის სხდომაზე საანგარიშო მოხსენებით გამოსულა აკად. ნ. მარი. მას კომისიისთვის მოუხსენებია თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო ხანის სასახლე. მას ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ სახეზეა ადამიანთა მიერ ხანის სასახლის მიზანმიმართული ნგრევა და განადგურება.

შემდეგ ჩამოთვლის: განადგურებული ყოფილა ერევნის მმართველთა პორტრეტები და აღმოსავლური ეპოსის გმირთა უნიკალური სურათები. შეგნებულად ყოფილა დამტვრეული სახელგანთქმულისარკვეებიანი დარბაზი, სადაც 1827წელს პირველად დაიდგა ალ. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ სპეკტაკლს ავტორი ესცრებოდა. ამ დარბაზის ორი გვერდითი ოთახი გადაქცეული ყოფილა ტუალეტად, ფეპლევანთა ორი სურათი გოლიათი და გმირი მოუპარავთ და ა. შ.

აკად. ნ. მარი გულისტკივილით აღწერს საზაფხულო პავილიონის კედლებზე კედლებზე დახატულ მოლა დასრედინის იუმოსისრულ სურათის განადგურებას. ეს იშვიათი სურათები ქალაქ ერევნის საკრებულოს გადაწყვეტილებით 1892 წელს აუფეთქებიათ.

ფოტო-ალბომში კიდევ არა ერთი ფაქტია მოტანილი. ქალაქ ერევანში მუსლიმური ( აზერბაიჯანელი თურქების) კულტურული ძეგლების განადგურებისა.

აქვე ავღნიშნავ - სომხური მხარე ხანის სასახლის განადგურებას რუსებს აბრალებს, თითქოს 1827 წელს ერევნის ციხე-სიმაგრის აღების დროს დაზიანდაო, შეიძლება გარკვეულ წილად მართლაც დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა. ამას მოწმობს დ. ერმაკოვის მიერ გადაღებული ხანის სასახლის შიდა და გარე ხედების ფოტო-სურათები. აგრეთვე ცნობილი რუსი მხატვრების გ.გაგარინის, ფრ. რუბოს და სხვათა მიერ შესრულებული ძველი ერევნის მუსლიმური (აზერბაიჯანული თურქული) ისტორიული ძეგლების სურათები.

აქვე შევნიშნავ - ერევანში იყო ქართველი მეფის ლაშა-გიორგის (1192-1223) დროინდელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. არაერთ გზის ძიების მიუხედავად მის კვალსაც ვერ მივაგენი....

საბჭოთა პერიოდში ძველი ერევნის კულტურული ძეგლების უარყოფა კიდევ უფრო მეტი აგრესიით გაგრძელებულა და ფართო მასშტაბური ხასიათი მიუღია. ამას მოწმობს ალბომში გამოქვეყნებული დოკუმენტური ფოტო-მასალა. ამ დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი მუსლიმური (აზერბაიჯანულ - თურქული ) ისტორიული ძეგლები ამ დროს საბოლოოდ გაუნადგურებიათ, გარდა ერთი ორისა. მთავარ არქიტექტორს ა. თამანიანს ერევნის გენერალური გეგმა-პროექტი ისე შეუდგენია, რომ ძველი ერევნის ისტორიულ-კულტურული ცენტრის შენარჩუნება გამორიცხული ყოფილა. ის ამას ვერ გააკეთებდა სომხეთის მთავრობის ნებართვის გარეშე. ამგვარად მიწისაგან პირისა აღგვილა ერევნის ციხე-სიმაგრე, ხანის სასახლის ნარჩენები, მეჩეთი (8) აღმოსავლური აბანო და სხვა შუა საუკუნეების მუსლიმურ ისტორიული ძეგლები. ამ სამარცხვინო ფაქტს ვერ მალავს სომხეთის მეგობარი- რუსი არქიტექტორი ა. ივანოვი. „... დასკვნა ერთია: სომხეთის ხელისუფლება არასდროს ყოფილა დაინტერესებული ერევნის ცენტრის შენარჩუნებით.. ძველი ერევანი მისი კლასიკური გაგებით დღეს უკვე აღარ არსებობს“, ქალაქი (გაზ. „გოლოს არმენიი“, 2012, 19. XI, 2013, 26. IX).

საერთოდ ცნობილია, გეოგრაფიული სახელწოდებების ტოპონიმიმების, ჰიდრონიმების და სხვ. შეცვლა ახალი სახელწოდებებით მიუღებელია. სამწუხაროდ სომხეთის მთავრობას ეს არად ჩაუგდია და აზერბაიჯანული (თურქული) გეოგრაფიული სახელწოდებანი სომხეთის ტერიტორიაზე და ერევანში ხელოვნურად შეუცვლია ახალი შეკოწიწებული სომხური სახელწოდებებით. ( ალბომი, გვ. 51-52).

სომეხი ავტორი ზ. კორკოტიანი წიგნში - „საბჭოთა სომხეთის მოსახლეობა“(1932) აღნიშნავს - XIX-XX ს.ს 2310 დასახლებული პუნქტიდან 2000 თურქული სახელწოდების არის. (გვ.57).
ამ პროცესს განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიუღია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს.

სომხეთის მთავრობის სახელმწიფო კომიტეტის უძრავი ქონების კადასტრის ხელმძღვანელს მანუკ ვარდანიანს ღიად განუცხადებია, რომ აზერბაიჯანლებით ყოფილა დასახლებული პუნქტების სახელწოდებანის შეცვლის თაობაზე.

სომხეთის პირველ ნაციონალური ატლასის შესავალში ვარდანიანი პირდაპირ წერს - „ატლასში აღიცხულია 40 ათასი გეოგრაფიული დასახელება. მათგან დაახლოებით 8-10 ათასი უცხოენოვანი გეოგრაფიული დასახელებაა, რომელიც უნდა შეიცვალოს სომხურით“. (ალბომი, გვ. 52).

ეს უცხოენოვანი დასახლება კი უმეტესწილად აზერბაიჯანულ თურქულია.

ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია - სომხეთში მუსლიმური ( აზერბაიჯანულ თურქული) გეოგრაფიული სახელწოდების და ტოპონიმების წაშლა და სომხურით შეცვლა სომხეთის მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკა ყოფილა.

თურქებსა და სომხებს შორის ისტორიული მტრობა ცნობილია. მაგრამ ჩემი აზრით ეს არ უნდა გამხდარიყო საფუძველი ტოპონინების, მუსლიმური (აზერბაიჯანულ - თურქული) შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლების მოსპობისა.

თბილისში არაბები, სპარსელები, თურქები საუკუნეების მანძილზე ბატონობდნენ. რა თქმა უნდა მათი ბატონობა ქართველ ხალხს გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ მათ მიერ აშენებული მეჩეთები და საეკლესიო ნაგებობანი დღესაც დგანან. მათი ბატონობის დროს შექმნილი ტოპონიმები: ნარიყალას, სეიდაბადის, ორთაჭალის და სხვათა წაშლა და ქართულიდ შეცვლა საქართველოს არცერთ მთავრობას არ მოსვლია ფიქრად. ძველ უბანში ერთმანეთის გვერდით დღესაც დგას ქართული მართლმადიდებელი ტაძარი, კათოლიკური ეკლესია, სომხური ეკლესია, მეჩეთი და ებრაული სინაგოგა. ისინი თბილისის ისტორიის ორგანული ნაწილები არიან და განიხილებიან ქალაქის კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობად.

ამრიგად, თბილისს აქვს ისტორიული ცენტრი, რითაც ამაყობს ქართველი ხალხი.

ასეთი ძველი ცენტრი აქვს- რიგას, ვილნიუს, ტალინს, ბაქოს და ყველა ქვეყნის დედაქალაქს, გარდა ერევნისა.

ისტორიკოსმა ს.კარაპეტიანმა, რომელიც გამოირჩევა ანტიქართული მოღვაწეობით, ქართველებს ცივილიზაციის დამანგრეველი ერი უწოდა, ე.ი ქართველები ბარბაროსებად გამოიყვანა, მსოფლიოს ხალხთა შორის ერთ- ერთი ყველაზე ტოლერანტები ქართველი ხალხი.

(იხ. ს. კარაპეტიანი „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და სომხეთის კულტურული ძეგლები 1988-1996 წ.წ. 1998, ერევანი, გვ.7, სომხ. ენაზე).

შუა საუკუნეების მუსლიმური აზერბაიჯანულ-თურქების მიერ შექმნილი ისტორიულ კულტურული ძეგლების მასობრივი მოსპობა, განადგურებას ერევანში რა შეიძლება ეწოდოს თუ არა ვანდალიზმი?!..

ეს ფოტო-ალბომი არის დოკუმენტი იმისა, თუ როგორ არ უნდა გაანადგურო საკუთარ ქვეყანას და დედაქალაქში უცხო ქვეყნის კულტურული, ისტორიული ძეგლები და არ უნდა შეცვალო უცხო ტოპონიმი ახლით.

ეს არის ისტორიის ხელყოფა, რაც დაუშვებელია და მეცნიერულად გაუმართლებელია.





KavkazPlus

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები