პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სწავლება გამართოს

07.05.16 18:45


საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც დიპლომატიური უწყება, სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016"-ის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ და ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა.

”როგორც ქართული და ამერიკული მხარის მიერ წინასწარვე იქნა გაცხადებული, ვაზიანში დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი აღჭურვილობითა და საბრძოლო და უზრუნველყოფის ტექნიკით. სწავლება მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ. ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამავდროულად, ნატო-სთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია და ჩვენი არაერთხელ გაცხადებული პოზიციაა და მიზანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტმა, 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2016" შესახებ 6 მაისს გაავრცელა, სადაც რუსული მხარე აღნიშნულ წვრთნებს "ნატო-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად" და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები