პოლიტიკა

თბილისის მერის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სემინარს დაესწრო

19.09.18 14:00


თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ევროკავშირის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც საქართველოში შრომის სტანდარტების უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხს მიეძღვნა.

ილია ელოშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა.

თბილისის მერის მოადგილემ მერიის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალმა რეგულაციებმა მშენებლობებზე დარღვევების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა.

„თბილისის მერია, როგორც თვითმმართველობის ორგანო, მშენებლობაზე ზედამხედველობას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მერიის ინიციატივით მომზადებული ახალი რეგულაციების მიხედვით, მიდგომები გამკაცრდა. თუ ადრე სამშენებლო ნორმების დარღვევაზე სანქცია 3000 ლარი იყო, ამჟამად, ეს ციფრი 30 000 ლარამდეა გაზრდილი. ასევე, თუ ადრე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი გაფრთხილებას იღებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა სანქციების გატარება, ახალი ცვლილებებით, დაჯარიმება და შესაბამისი სანქციების გატარება დაუყოვნებლივ ხდება. როგორც სტატისტიკა მოწმობს, გამკაცრებულმა მიდგომამ სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით დარღვევების რაოდენობა გარკვეულწილად შეამცირა.

რეგულაციების გამკაცრების შედეგად, სამშენებლო ობიექტებზე წარმოებების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. შრომის უსაფრთხოების დაცვა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. ყველანაირად მივესალმებით იმას, რომ თბილისის მერია ჩართული იყოს ამ მნიშვნელოვან პროცესში, რადგან უსაფრთხოდ შრომის უფლება ადამიანის ძირითად უფლებებს შორის ერთ-ერთი უმაღლესი კატეგორიაა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სემინარზე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან მიმართებაში, შრომითი სტანდარტები განიხილეს და სამუშაო პირობებისა და შრომის ბაზრის ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს. ღონისძიების მიზანი შრომასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და კანონმდებლობის შესახებ მოსაზრებების გაცვლაა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები