პოლიტიკა

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20.09.18 14:40


საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქ. ხაშურისა და ქ. ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა.

3 სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში. კერძოდ ქ.თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.

დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით, სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი ფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. მოქალაქეს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს. მიმდინარე რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა. ეროვნული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ეტაპობრივად უკვე აისახა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებში, კერძოდ 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებთ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა შემცირდა 36%-ით, ხოლო დაშავებულ პირთა რაოდენობა შემცირდა 5%-ით.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები