საზოგადოება

ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია დასრულდა

17.10.18 10:45


ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია - მინისტერიალზე მიიღეს "თბილისის დეკლარაცია".

დეკლარაცია სპორტის შესახებ ადამიანის უფლებებზე საერთაშორისო დოკუმენტია და საქართველოს ინიციატივითა, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა.

დოკუმენტი მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა სპორტის სფეროში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვაზე. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში ამ ტიპის დეკლარაცია პირველად იქნა მიღებული.

კონფერენციაზე მონაწილეებმა იმსჯელეს სპორტში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ ასპექტებზე და დაამტკიცეს ორი რეზოლუცია - სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზომების გაძლიერება და ადამიანის უფლებათა, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა.

კონფერენციის დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, რომელმაც ევროპის საბჭოს მაღალჩინოსნებს მადლობა გადაუხადა კონფერენციის თბილისში ჩატარებისთვის. მანვე, მადლობა გადაუხადა კონფრენციის თითოეულ მონაწილეს.

აღნიშნული ღონისძიება იმართება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით. მინისტერიალის ფარგლებში თბილისს სტუმრობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები(სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მინისტერიალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი საერთო ევროპული თანამშრომლობისთვის ახალი ბიძგის მიცემა და სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა.

მინისტერიალის დასრულების შემდეგ, 17-18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომას, რომელზედაც განხილული იქნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების როლი სპორტში თანამედროვე გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი - 2018 ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები