ეკონომიკა

საქართველოს პოზიცია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში გაუმჯობესდა

17.10.18 12:00


გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა.

“2018 წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ რეიტინგიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა ინდიკატორები და დაემატა ახალი ინდიკატორები. ასევე შეიცვალა ქვეყნების შეფასების შკალა და მაქსიმალური 7 ქულიანი შეფასება 100 ქულით ჩანაცვლდა. 2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ რუსეთს, ყაზახეთსა და თურქეთს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ინდექსში 69-ე, სომხეთი – 70-ე, ხოლო უკრაინა – 83-ე პოზიციაზეა”,-აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს გაუმჯობესებული ინდიკატორები და კომპონენტები

ინსტიტუტების ინდიკატორში წინა წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა 1.1 ქულით გაუმჯობესდა და 61.0 ქულით 40-ე ადგილზეა. ინდიკატორი მოიცავს 6 მიმართულებას და შესაბამის 20 კომპონენტს. წინა წელთან შედარებით ქვეყნის ქულები გაუმჯობესდა 12 კომპონენტში, 2 კომპონენტში უცვლელია და მხოლოდ 6 კომპონენტში შემცირდა. ქვეყანას გაუმჯობესება აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა, საკუთრების უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, რეგულაციების ეფექტიანობა, პრესის თავისუფლება, ელექტრონული მმართველობა, პოლიციის მიმართ ნდობა, მკვლელობების სიმცირე და სხვა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა.

ICT მიღების მზაობა ინდიკატორში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და 39.4 ქულით 71-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი 100 ქულა აქვს მობილური ფიჭვური კავშირგაბმულობის აბონენტების (100 მოსახლეზე) რაოდენობის მხრივ, ქვეყნის ქულები გაუმჯობესდა როგორც ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე მთლიანად ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივაც.

ჯანდაცვის ინდიკატორმა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია განიცადა და იგი მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობას აფასებს. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით 0.7 პუნქტით გაუმჯობესდა და 78.2 ქულით 80-ე პოზიციაზეა.

უნარების ინდიკატორში საქართველოს მდგომარეობა 1.1 ქულით გაუმჯობესდა და 68.9 ქულით 45-ე პოზიციას იკავებს. ინდიკატორი აფასებს 2 ძირითად მიმართულებას – არსებულ სამუშაო ძალას და მომავალ სამუშაო ძალას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სწავლების საშუალო ხანგრძლივობას, სამუშაო ძალის უნარებს, მათ შორის როგორიცაა თანამშრომელთა ტრენინგები, პროფესიული ტრენინგების ხარისხი, კურსდამთავრებულთა უნარები (სკოლის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უნარები), მოსახლეობის ციფრული უნარების ფლობა და სხვ.

ვაჭრობის ღიაობის ინდიკატორში ქვეყნის ქულა 0.7 პუნქტით გაუმჯობესდა და 61.0 ქულით 42-ე პოზიციას იკავებს. ინდიკატორი 2 მიმართულებას აფასებს – ადგილობრივ კონკურენციას და ვაჭრობის ღიაობას. ქვეყნის შეფასება ორივე მიმართულებით გაუმჯობესდა. საქართველო ვაჭრობის ღიაობის მიმართულებით მსოფლიო რეიტინგში 26-ე პოზიციაზეა და ორ კომპონენტში სავაჭრო ტარიფები და ვაჭრობის ღიაობის სერვისებში ლიდერთა ათეულშია, შესაბამისად, მე-5 და მე-6 პოზიციებს იკავებს, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის ქულა კონკურენციაზე გადასახადებისა და სუბსიდიების უარყოფითი ეფექტის მინიმიზაციასთან მიმართებით.

ბაზრის მოცულობის ინდიკატორში საქართველოს შეფასება 0.6 პუნქტით გაუმჯობესდა და 40.9 ქულით 102-ე პოზიციაზეა. ინდიკატორი 2 კომპონენტს აფასებს – მთლიანი შიდა პროდუქტი (PPP) და იმპორტის წილი მშპ-ში. ამ უკანასკნელ კომპონენტში საქართველოს 65.2 ქულა აქვს და 30-ე პოზიციას იკავებს.

ბიზნესის დინამიურობის ინდიკატორში, ასევე მნიშვნელოვნად 4.3 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 62.1 ქულით 53-ე პოზიციაზეა. ინდიკატორი მოიცავს 2 მიმართულებას და ორივე მიმართულებით გაუმჯობესდა ქვეყნის მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებებია ადმინისტრაციული მოთხოვნები და სამეწარმეო კულტურა.

ადმინისტრაციული მოთხოვნების მიმართულებით საქართველოს შეფასება მნიშვნელოვნად, 7 პუნქტით გაუმჯობესდა და 77.1 ქულით 46-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება, თავის მხრივ, მოიცავს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დანახარჯებს და დროს, აღნიშნულ კომპონენტებში საქართველოს უმაღლესი შეფასებები აქვს, შესაბამისად 98.8 და 98.5 ქულა.

ასევე, განსაკუთრებულად 31.3 პუნქტით გაუმჯობესდა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ნორმა და 68.8 ქულით საქართველო 46-ე პოზიციაზეა. სამეწარმეო კულტურის მიმართულებით ქვეყნის ქულა 1.6 პუნქტით გაუმჯობესდა და 47 ქულას გაუტოლდა. აღნიშნული მიმართულება 4 კომპონენტს მოიცავს და ქვეყნის შეფასება ოთხივე კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ დამოკიდებულება სამეწარმეო რისკის მიმართ, უფლებამოსილების დელეგირებისთვის მზადყოფნა, ინოვაციური კომპანიების ზრდა და კომპანიების სარისკო იდეები.

ინოვაციური უნარ-ჩვევების ინდიკატორში 1 პუნქტით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება და 32.7 ქულით 85-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნული ინდიკატორი 3 მიმართულებას მოიცავს და ასევე, სამივე მიმართულებით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. ეს მიმართულებებია – ურთიერთქმედება და მრავალფეროვნება, კვლევა – განვითარება და კომერციალიზაცია.

საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით – სამუშაო ძალის დივერსიფიცირება, სახელმწიფო კლასტერების განვითარება, მრავალმხრივი თანამშრომლობა, სამეცნიერო ლიტერატურა, დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე, კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი, მყიდველის გაწაფულობა და განაცხადები სავაჭრო ნიშნებზე.

შრომის ბაზრის ინდიკატორში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და 31-ე ადგილი დაიკავა. გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასებები ისეთ კომპონენტებში როგორიცაა, დაქირავებისა და გათავისუფლების პრაქტიკა, დასაქმებულ-დამსაქმებელს შორის ურთიერთანამშრომლობა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა, შრომასთან დაკავშირებული გადასახადები, გადახდები და მწარმოებლურობა და სხვა.

გლობალური კონკურეტუნარიანობის ინდექსს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) 2005 წლიდან აქვეყნებს. ის ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს.

რეიტინგი ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ (სტატისტიკურ) მონაცემებსა (WB, IMF, etc.) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ პირთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს. აღნიშნული ყოველწლიური კვლევა ხორციელდება პარტნიორი ინსტიტუტების ხელშეწყობით (სამეცნიერო ინსტიტუტები და ბიზნეს-ორგანიზაციები).

კვლევა ახდენს იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ბიზნეს-კლიმატის შექმნისათვის და მნიშვნელოვანია მწარმოებლურობისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ის განიხილავს ქვეყნის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ახდენს პრიორიტეტების იდენტიფიცირებას პოლიტიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები