პოლიტიკა

პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ

17.10.18 16:30


კონსტიტუციონალისტები ქვეყნის პრემიერს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ.

საქმე ეხება მამუკა ბახტაძის უარს პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომ მოიწვიოს მთავრობის სხდომა.

მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტში სადაც წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.

სპეციალისტები პრემიერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შესაძლებლობაზეც საუბრობენ, თუმცა პარლამენტში ამ პროცედურის დასაწყებად ხმათა უმრავლესობაა საჭირო.

"რაღაცა ფორმალური, პროცედურული ნორმებით იმის არგუმენტირება, რომ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მოწვევა არ მოხდება, ეს საქართველოს კონსტიტუციის წარმოუდგენელი უპატივცემულობაა. ეს არის პირდაპირ დარღვევაც მინდა გითხრათ.

სამართლებრივი გზა შეიძლება იყოს პარლამენტის მხრიდან იმპიჩმენტის გამოყენება, რაც წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრთან მიმართებით. სხვა ასეთი ფორმალური პროცედურები ჩვენ არ გვაქვს. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება, როცა არსებობს კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ. კონსტიტუციაში მაგალითად წერია, რომ ასეთ სხდომაში უშიშროების საბჭოს მდივანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ახლა ჩვენ რა დემოკრატიაზე, რა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, რა კონსტიტუციურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, როდესაც საერთოდ იგნორირებას აკეთებენ უმრავლესობის წევრები კონსტიტუციის,“- განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე პრემიერს მოუწოდებს უახლოეს დღეებში შეიტანოს დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დააყენა.

„პრემიერმა უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში უნდა შეიტანოს პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხი და მარგველაშვილს უნდა მსიცეს საშუალება დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს პრეზიდენტის ამ უფლება-მოსილებაზე, რასაც ლოგიკურად შეესაბამება პრემიერის ვალდებულება და ვინაიდან დღის წესრიგის შედგენა პრემიერის კომპეტენციაა, თუ ის ამას არ გააკეთებს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა.

იმპიჩმენტის წამოწყება არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომლის შემდეგაც საკითხი გადადის საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას პრემიერის მხრიდან მაშინ პარლამენტი უკვე კენჭს უყრის და 76 ხმით მას შეუძლია გადააყენოს მთავრობის მეთაური,“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები