საზოგადოება

ქართული ქარვისფერი ღვინო The Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოექცა

18.10.18 10:45


გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა მკითხველს უამბო საქართველოს ქარვისფერ ღვინოზე და ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე.

საქართველომ წელს ექსპორტზე 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიტანა.

სტატია ქარვისფერ, ანუ როგორც მას აშშ-ში უწოდებენ, ნარინჯისფერ ღვინოებზე დეივ მაკინტაირმა მოამზადა. ჟურნალისტი ღვინის კრიტიკოსია და მას როგორც ჟიურის წევრს ღვინის კონკურსებზე და ფესტივალებზე ხშირად იწვევენ.

მაკინტაირი იწყებს თავის სტატიას იმით, რომ მას ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ქარვისფერი ღვინოების მიმართ. ამასთან, ბოლო დროს მან აღმოაჩინა რამდენიმე ქარვისფერი ღვინო, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვეს. მაიკინტაირის ქარვისფერი ღვინოების პირად ჰიტ-აღლუმში უმრავლესობა - ქართველი მწარმოებლების ღვინოებია.

„ნარინჯისფერი ღვინო კავკასიის მთებში მდებარე საქართველოსთან ასოცირდება და სავარაუდოდ ისეთივე ძველია, როგორც თავად ღვინო. საქართველო აცხადებს, რომ ის ღვინის სამშობლოა, უახლესი არქეოლოგიური მტკიცებულებები 8 ათასი წლით თარიღდება. თუმცა დიდი პოპულარობა ქართულმა ღვინომ ბოლო ათ წელიწადში მოიპოვა“, - ნათქვამია მასალაში.

რთველი კახეთში: როგორ კრეფენ ყურძენს აღმოსავლეთ საქართველოში.

მაკინტაირი აღნიშნავს, რომ ზუსტი პასუხი კითხვაზე, რას წარმოადგენს ქარვისფერი ღვინო, არ არსებობს.

„როგორც არ უნდა ვუწოდოთ მას, ნარინჯისფერი თუ ქარვისფერი, ის თეთრი ღვინოა, ფერმენტირებული და ყურძნის მარცვლის კანთან ერთად დაძველებული“, - განმარტავს ავტორი.

ის აღნიშნავს, რომ არსებობს ქარვისფერი ღვინის ფერმენტაციის და დაყენების უამრავი ვარიანტი.

„ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდი, რამდენიმე თვის განმავლობაში მის ქვევრში, მიწაში დაფლულ თიხის ჭურჭელში დაძველებას გულისხმობს. ქვევრი სხვა ქვეყნების მეღვინეებმაც გამოიყენეს. ზოგიერთი იყენებს უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს ან მუხის კასრებს“, - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოში მაკინტაირმა გამოყო ორი ქარვისფერი ღვინო, რომელსაც ის „შთამბეჭდავს“ უწოდებს. პირველია Baia"s Wine 2016, რომელიც ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან არის დამზადებული.

„მას ყურძნის მარცვლის კანთან ერთად სამი თვის განმავლობაში აყენებენ, ეს სხვა მწარმოებლებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ღვინო გამოდის შესანიშნავი, თანაც ისეთი ხილის არომატით, როგორიცაა კომში და მსხალი“, - ნათქვამია მასალაში.

სხვა ქარვისფერი ღვინო, რომელიც ავტორმა აღნიშნა, არის Orgo კომპანია Dila-O-სგან. მას ამზადებენ რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნის ნარევისგან და ერთი თვის განმავლობაში მისი ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს. მაკინტაირი აცხადებს, რომ ეს ღვინო „ნესვისგან მომზადებულ შესანიშნავ სალათს ჰგავს“.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დღეს ქარვისფერი ღვინოები „თანამედროვე მეღვინეობასა და უძველეს ტრადიციებს შორის ერთგვარ ხიდად იქცა“. ამავე დროს ბევრისთვის, მაგალითად, საქართველოსთვის, „ეს ღვინოები ღრმად არის გამჯდარი ეროვნულ და კულტურულ ტრადიციაში“.

უნივერსიტეტის პროფესორ ჯონს ჰოპკინსს და ქართულ-ამერიკული ბიზნეს-საბჭოს პრეზიდენტ მამუკა წერეთელს გააჩნიათ საკუთარი თეორია იმასთან დაკავშირებით, რატომ რჩება საქართველოში ქარვისფერი ღვინო ასეთი პოპულარული საუკუნეების განმავლობაში.

„ხანგრძლივი ვახშმების ტრადიციით და თამადის ხელმძღვანელობით ღვინოები, რომლებიც ყურძნის მარცვლის კანთან ერთად არის დაძველებული, ყველაზე მეტად მიესადაგება დიდი რაოდენობით მოხმარებას“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ქარვისფერი ღვინო აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ქართული სტუმართმოყვარეობის სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები