პოლიტიკა

თბილისის მერიამ არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო პლაკატების ჩამორეცხვა დაიწყო

18.10.18 13:30


“თბილსერვის ჯგუფმა”, რომელიც დედაქალაქის დასუფთავებაზე არის პასუხისმგებელი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე ქუჩებში გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამორეცხვა დაიწყო.

როგორც “თბილსერვის ჯგუფი” აცხადებს, აღნიშნული პლაკატები “კანონდარღვევით” არის გაკრული.

“ეს ის ადგილებია, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაახლოებით, ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება”, – განაცხადა “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ. მისი განცხადება პრესსამსახურმა გაავრცელა.

“თბილსერვის ჯგუფს” პლაკატების ჩამორეცხვა თბილისის მერმა კახა კალაძემ 17 ოქტომბერს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

“კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი, რაც ხდება. მე მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც მათ შეუძლიათ განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ძვირფასი და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ რაღაც სულელური პლაკატებით”, – თქვა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე და საილუსტრაციოდ აჩვენა სხვადასხვა ადგილზე გაკრული, ძირითადად, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პლაკატები.

სანამ მერია საარჩევნო პლაკატების ჩამორეცხვას დაიწყებდა, 17 ოქტომბერს, თბილისსა და რეგიონებში, ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი ვაშაძის პლაკატებს წითლად მიაწერეს KGB (რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის აბრევიატურა).




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები