პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი - IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისთვის

19.10.18 10:45


ეს ფორმატები არათუ უნდა შენარჩუნდეს, არამედ ეფექტური უნდა გახდეს, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართველი პარტნიორები არ არიან მზად მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც საზღვრისპირა ტერიტორიაზე დაძაბულობას შეამცირებს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ქართული მხარე კონსტრუქციულად არის ჩართული მოლაპარაკების ყველა ფორმატში და მკაფიოდ აცხადებს ყველგან, მათ შორის ახლახან გამართულ ჟენევის რაუნდზეც, რომ ინციდენების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რომ ეს აუცილებელია იმ ელემენტარული სტაბილურობისათვის, რომელიც მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის საჭირო.

“გაუგებარია რას ემსახურება ასეთი ტიპის განცხადებები მაშინ, როცა ქართული მხარის პოზიცია ასეთი ცალსახაა. ეს ფორმატები არათუ უნდა შენარჩუნდეს, არამედ ეფექტური უნდა გახდეს, რადგან მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია დღევანდელი სტატუს-კვო შეიცვალოს და კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ვერანაირ საზღვრებზე ვერ იქნება საუბარი და ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, მათ შორის რუსეთის ფედერაციასაც. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ საოკუპაციო ხაზზე, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უშლის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს განსაკუთრებით მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს - იქნებიან ესენი ქართველები, ოსები თუ აფხაზები. იქ მცხოვრები ქართველები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები