საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

22.10.18 16:15


ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლო ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (+125 კგ) ოქროს მედალი აიღო და გასულ წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.

ფინალური ორთაბრძოლა ქართველი მძიმეწონოსანის აშკარა უპირატესობით წარიმართა და დასრულდა ანგარიშით 6:0. ქართველმა სპორტსმენმა ჩინეთის წარმომადგენელი ჟივეი დენგი დაამარცხა. პეტრიაშვილი ბუდაპეშტში მთავარი ფავორიტის სახით ჩავიდა და ოთხი გამართული შეხვედრიდან არც ერთში პრობლემა არ შექმნია.

ასე, რომ პეტრიაშვილმა გასულ წელს პარიზში გამართულ ტურნირზე მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება შეძლო. ორ ოქროს მედალთან ერთად მის აქტივშია ორი ბრინჯაოც - ბუდაპეშტი-2013 და ლას-ვეგასი-2015.

ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვება შეეძლო ავთანდილ კენჭაძეს (-74 კგ). ფინალში იგი რუსეთის სახელით მოასპარეზე ზაურბეკ სიდაკოვს დაუპირისპირდა და თავიდან 2:0 იმარჯვებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. რუსეთის წარმომადგენელმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი მაჩვენებლებით ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატის მეორე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მედლების ოთხ კომპლექტს გაითამაშებენ. სამწუხაროდ, ოთარ გოგავამ (-57 კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (-65 კგ) ტურნირზე ასპარეზობა უკვე დაასრულეს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების სპორტსმენებს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კიდევ აქვთ. 92 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე დათო მარსაგიშვილი რუმინელ ნიკოლ ჩებანოვს, დავით ხუციშვილი (-79 კგ) კი გერმანიის წარმომადგენელ მარტინ ობსტომს დაუპირისპირდება.

ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 25 რიცხვიდან კი ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები