საზოგადოება

NCDC მოსახლეობას გრიპის აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

23.10.18 18:00


დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და ცენტრის თანამშრომლებმა მოსახლეობას დღეს, 23 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მოუწოდეს გრიპის სეზონური აცრის გაკეთებისკენ.

როგორც მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება სეზონურ გრიპთან და გრიპის აცრასთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, ოქტომბრის ბოლო კვირა და შემდეგი დღეები არის საუკეთესო პერიოდი სეზონური გრიპის აცრის გასაკეთებლად. როგორც სერგეენკო აღნიშნავს, სეზონური გრიპის ვირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და ზოგ შემთხვევაში, ფატალური შედეგიც კი.

სწორედ ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, სახელმწიფომ საქართველოში აცრა შემოიტანა და ის უფასოდ არის ხელმისაწვდომი გარკვეული რისკ ჯგუფების მქონე პირთათვის, მათ შორის:

დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე პირები;

დიალიზზე მყოფი პირები და მათი მომვლელები;

სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;

ც ჰეპატიტით ინფიცირებულები;

აივ/შიდსით ინფიცირებულები;

ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალი;

NCDC-ის განცხადებით, იმუნიზაციის ცენტრებში ამ კატეგორიის პირთათვის განკუთვნილი უფასო აცრა უკვე მიტანილია და მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართვა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ამბობს, საზოგადოებაში არსებობს ცრურწმენებით გაჯერებული უარყოფითი დამოკიდებულება სხვადასხვა სახის აცრას შორის, მათ შორის გირიპის აცრებთან დაკავშირებით. როგორც იმნაძე აღნიშნავს, განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს, როდესაც საქმე ეხება ორსულების მიერ გრიპის აცრის გაკეთების საკითხს, რადგან არსებობს გარკვეული შიშები. იმნაძის თქმით, ეს შიშები უსაფუძვლოა.

“3 წლის წინ ჩემი შვილი ორსულად რომ იყო, მშობიარობამდე ერთი თვით ადრე ავცერი.

მანამდე აცრა არ იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი. ახლა მეორე შვილი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში სტაჟიორია და ისიც ორსულად არის, ლუგარის ცენტრის სხვა თანამშრომლების მსგავსად, ისიც აიცრა. ასე რომ, ორსულებს კიდევე რთხელ მოვუწოდებ, გაიკეთონ გრიპის აცრა”, – თქვა პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ.

გარდა იმუნიზაციის ცენტრებისა, გრიპის აცრა ხელმისაწვდომია სხვადასხვა კლინიკაში და ის 30-დან 50 ლარამდე ღირს. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ რისკჯგუფში შემავალ პირებს, მათთვის აცრა უფასოა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები