პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა

07.11.18 15:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოში EBRD-ის ჩართულობით ხორციელდება. ამასთან, აღინიშნა, რომ EBRD საქართველოს არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ წლების განმავლობაში მხარს უჭერს და ხელს უწყობს ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

„საუბრისას განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, ისაუბრეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში მთავრობის ჩართულობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სამომავლოდ ის გეოპოლიტიკური კუთხით კონტინენტურ მნიშვნელობას შეიძენს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნების საკითხს და მის მნიშვნელობას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები