პოლიტიკა

ხორავას საქმეზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ მოხსენებით გახარია პარლამენტში მივა

12.11.18 18:00


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გაცემული რეკომენდაციების შესახებ. ამის თაობაზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამენ, პარლამენტს მოხსენება წარუდგინონ. თუმცა კობახიძეს არ დაუკონკრეტებია თარიღი. მისი თქმით, დრო შეთანხმდება.

საპარლამენტო ოპოზიციამ მინისტრს პარლამენტში მისასვლელად ორშაბათი, 19 ნოემბერი შესთავაზა:

“ერთი კვირის თავზე საპარლამენტო უმცირესობა მინისტრისთვის მისაღებ საათზე მზად არის, შეხვდეს მას და მოისმინოს, როგორ სრულდება რეკომენდაციები” ,- თქვა ოთარ კახიძემ.

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ რეზოლუცია შეიტანა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს ეხება. “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, ეს რეკომენდაციები ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მირზა სუბელიანზე გამოძიების დაწყებას.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გამოქვეყნდა, დოკუმენტის ავტორი კომისიაში შემავალი “ევროპული საქართველოს” დეპუტატები არიან. საგამოძიებო კომისიამ მიიჩნია, რომ კონფლიქტის მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით.

ამასთან, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მირზა სუბელიანის ქმედებებზეც. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ მომხდარის პირველივე დღეებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობის გამოძიება, შეიძლება, მიკერძოებულად წარმართულიყო, რადგან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის შვილი.

საბოლოოდ, პარლამენტმა უმრავლესობით ალტერნატიული დასკვნა დაამტკიცა, რომლის ავტორებიც საგამოძიებო კომისიაში შემავალი “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები