ანალიტიკა

აფხაზეთის ისტორიული ფესვების წრმომავლობა ნაწილი (მესამე)

13.07.16 20:25


XVIII-XIX სს. მიჯნაზე ქართული პოლიტიკური ერთეულების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, რაც დაკავშირებულია 1783წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გიორგიევსკის "სამფარველო" ტრაქტატის გაფორმებასთან. ტრაქტატი, მართალია, რამდენადმე ზღუდავდა საქართველოს სუვერენიტეტს, მაგრამ ქვეყანა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად რჩებოდა. უფრო მეტიც, რუსეთი ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკულის მიხედვით, ქართლ-კახეთის სამეფოსთვის საქართველოს სხვა ისტორიული ტერიტორიების შემოერთებისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაში ხელშეწყობის ვალდებულებას იღებდა. შესაბამისად, ტრაქტატი უშუალოდ აფხაზეთსაც ეხებოდა, რომელსაც რუსეთში კვლავ სამეგრელოს სამთავროს ნაწილად მიიჩნევდნენ

. რუსეთის იმპერიის ისტორიული რუკის~ (1793წ.) მიხედვით, ახლად მოპოვებულ ტერიტორიად მიჩნეული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი აზოვის ზღვამდე აღწევს. რუკაზე აღნიშნულია დასავლურ-ქართული პროვინციებიც-იმერეთი და სამეგრელო. აფხაზეთი, რომელიც რუკაზე საერთოდ არ არის აღნიშნული, სამეგრელოს შემადგენლობაში იგულისხმება. გიორგიევსკის ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკული საქართველოს სამეფოს აღდგენას სწორედ "რუსეთის იმპერიის ისტორიულ რუქაზე" მითითებულ საზღვრებში ითვალისწინებდა.

მაგრამ რუსეთმა სასტიკად გაუცრუა იმედები საქართველოს, რომელმაც ირწმუნა მისი და საკუთარი ბედი მიანდო. მან კი არა მხოლოდ არ შეასრულა "მფარველობასა" და ერთიანი სამეფოს აღდგენასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები, არამედ 1801წ. ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და პირდაპირი რუსული მმართველობა შემოიღო. ამასთანავე, რუსეთმა დროებით უარი თქვა საგუბერნიო მართვის ფორმაზე და 1802წ. საქართველოს მმართველობა~ დააფუძნა. მის სათავეში იდგნენ კავკასიაში დისლოცირებული ჯარების სარდლები, რომლებსაც საქართველოს მთავარმართებლებსაც უწოდებდნენ. მმართველობის ეს ფორმა – საქრთველოს "შენარჩუნება" - რუსეთს "კანონიერ" უფლებას აძლევდა დაეპყრო თურქეთის უღლის ქვეშ მყოფი სხვა ქართული რეგიონები და "აღედგინა" ერთიანი საქართველო, მაგრამ არა 1783წ. ტრაქტატით გათვალისწინებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით, არამედ როგორც რუსეთის პროვინცია.

რუსეთმა როგორც კი ფეხქვეშ გათელა 1783წ. ტრაქტატი და აღმოსავლეთ საქართველოს ანექსია მოახდინა, მაშინვე დაიწყო მოქმედებები დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ხელში ჩასაგდებად. 1803წ. დეკემბერში გრიგოლ დადიანმა, "ოდიშის, ლეჩხუმის, სვანეთის, აფხაზეთის და ოდითგანვე ჩემი წინაპრების კუთვნილი მიწების მპყრობელის" ტიტულით ხელი მოაწერა თხოვნას "ყველა ჩემი სამფლობელოთი, როგორც ზემოთ დასახელებულით, ისე სხვადასხვა მიზეზით მისგან გამოყოფილით", რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ. სამეგრელოს მთავარს აშკარად მხედველობაში ჰქონდა ჯიქეთი და აზოვის ზღვამდე მდებარე სხვა ისტორიული ქართული მიწები (იხ. რუსეთის 1793წ. რუკა). ეჭვსგარეშეა, თხოვნა სამეგრელოს თვით "მისგან გამოყოფილი" მიწებითაც კი რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ დაიწერა პეტერბურგიდან კარნახით და 1783წ. ტრაქტატის IV არტიკულის გათვალისწინებით. აღნიშნული არტიკულისა და გრიგოლ დადიანის თხოვნის საფუძველზე რუსეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შემოერთებისათვის ბრძოლის "კანონიერი" უფლება მიიღო.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე აფხაზეთი თურქეთის მხარდაჭერისა და მისი მფლობელის ქელეშ-ბეის ძალისხმევის წყალობით საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. 1803 წლიდან ქელეშ-ბეი რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს ფარულად გამოთქვამდა და სამეგრელოს მთავრის მეშვეობით საქართველოს მთავარმართებელ პ. ციციანოვთან კავშირის დამყარებას ცდილობდა. 1803წ. 27 ოქტომბერს პ. ციციანოვი სახელმწიფო კანცლერს გრაფ ა. ვორონცოვს ატყობინებდა: "ამასთანავე ჩემს მოვალეობად ვრაცხ, შევეხო ქელეშ-ბეისა და მისი სამფლობელოს ისტორიას. XV საუკუნეში, კერძოდ, ქრისტეშობიდან 1414 წლამდე, როცა ივერია დაქუცმაცებული არ იყო, ის, ქელეშ-ბეი, შარვაშიძის სახელით იყო ცნობილი, მისი სამფლობელო ივერიის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა". სწორედ ეს აძლევდა რუსეთს აფხაზეთის შემოერთების "კანონიერ" უფლებას.

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ქართული პროვინციები, ნაწილ-ნაწილ შევიდა რუსეთის "მფარველობის" ქვეშ. 1805წ. 9 ივლისს სოფ. ბანძაში (მარტვილის რაიონი) სამურზაყანოს მფლობელებმა ხელი მოაწერეს ფიცს რუსეთის ხელმწიფისა და სამეგრელოს მთავრის ერთგულებაზე. ფიცის ტექტში სამურზაყანო აღიარებულია სამეგრელოს ისტორიულ ტერიტორიად. მასში ნათქვამია: "როგორც რომ ყოვლად უმოწყალესი ხელმწიფისა ყმა ვიყოფებით, აგრეთვე სამეგრელოს თვითმპყრობელი ლევან დადიანისა, რადგანაც ჩვენ ჩვენის ქვეყნით ძველიდგან ვყოფილვართ სამეგრელოს თვითმპყრობელი თავადი დადიანისა".

საერთაშორისო მდგომარეობის გამო, საკუთრივ აფხზაეთის მიღება რუსეთის "მფარველობის" ქვეშ რამდენადმე გაჭიანურდა. 1808წ. ქელეშ-ბეის მკვლელობისა და აფხაზეთში პროთურქული ძალების გაძლიერების შემდეგ ეს პროცესი დაჩქარდა. პროთურქულ ძალებს აფხაზეთში სათავეში ედგა მოკლული ქელეშ-ბეის შვილი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასლან-ბეი, რომელიც მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერით, სამთავრო ტახტს დაეუფლა. საკუთარი თავი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადა ქელეშ-ბეის მონათლულმა შვილმა საფარ-ბეიმ (ნათლობის სახელი – გიორგი), რომელიც სამეგრელოს მთავრის სიძე იყო. გიორგი შარვაშიძემ ომი გამოუცხადა ძმას ასლან-ბეის და დახმარებისათვის საქართველოს რუსულ ადმინისტრაციას და სამეგრელოს დროებით მმართველს ნინო დადიანს მიმართა. ამ უკანასკნელმა აფხაზეთის ახალი მთავარი რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცა. თავის მიმართვაში ნინო დადიანისა და სამთავრო ტახტის მცირეწლოვან მემკვიდრე ლევან V დადიანისადმი (1804-1840წწ.) გიორგი შარვაშიძე ვალდებულებას იღებდა, რომ თავის ერთგულ ქვეშევრდომებთან ერთად საქართველოს მთავარმართებლის ბრძანებებს დაემორჩილებოდა. აფხაზეთის მთავარმა იცოდა, რომ რუსეთის "მფარველობაში" შესვლის შემდეგ მისი სამფლობელო კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებოდა, თუმცა მას უკვე არა ქართველი მეფეები, არამედ რუსი გენერლები მართავდნენ. რადგანაც თქვენ დამაფიცეთ იმპერატორის ერთგულებაზე, მიშუამდგომლეთ მის წინაშე რუსეთის მფარველობის ქვეშ აფხაზეთის მიღების თაობაზე, - წერდა გიორგი შარვაშიძე ზემოხსენებულ წერილში სამეგრელოს მმართველებისადმი და დასძენდა: "მაშასადამე თქვენდამი დამოკიდებულ არს, თუ ვითარ იგი იღწვით ჩემთვის ანუ ვითარ იგი განმიღებთ კარსა უთვითმპყრობელისასა ხელმწიფისა ჩვენისასა". აფხაზეთის ბედის გადაწყვეტა, მართლაც, ბევრად იყო დამოკიდებული სამეგრელოზე, რომლის მმართველები მუდმივად შეახსენებდნენ რუს ხელისუფალთ, რომ აფხაზეთი ისტორიულად მათი სამფლობელოს ნაწილი იყო. 1808წ. 8 ივნისს ნინო დადიანი თავის წერილში იმპერატორისადმი, ითხოვდა რა აფხაზეთის მიღებას რუსეთის მფარველობის ქვეშ, არაორაზროვნად მიანიშნებდა: "თუმცაღა ჟამმან ცვლილებებისამან და მეზობლის უთახმოებანამ განხადა მფლობელობისაგან სამთავროისა ჩვენისა ესე აფხაზეთი, გარნა უწინარეს იყო მკვიდრი ტახტი ნიკოპსისა, დადიანისა ლევანისა და წინაპართა მათთა და გარდაცვალებული კაცია დადიანი (1758-1788წწ. – ავტ.), მამა ახალგარდაცვალებულისა გრიგოლ დადიანისა, ახდევინებდა ხარკსა და არს უკვე წევრი სამეგრელოისა". ამიტომ, ნინოს აზრით, ეს იყო კარგი წინაპირობა და ხელსაყრელი დრო რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მისაღებად. ამრიგად, რუსეთის მფარველობაში აფხაზეთი უნდა შესულიყო როგორც "ივერიის პროვინცია", როგორც "წევრი სამეგრელოისა".

ნინო დადიანის ძალისხმევით, აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა დაჩქარდა. 1808წ. 12 აგვისტოს გიორგი შარვაშიძემ და მისმა ერთგულმა თავადაზნაურობამ ხელი მოაწერეს ქართულ ენაზე შედგენილ "სათხოვარ პუნქტებს" რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მიღების თაობაზე. აფხაზეთის მთავარი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, რომ იქნებოდა "მორჩილ საქართველოსა უპირატეს მმართველისა ერთგულთა და სარწმუნო მონათა და ყმათა ჩემთათანა." "სათხოვარ პუნქტებს" თან ერთვოდა გიორგი შარვაშიძის მინაწერი, რომ მის მიერ ადრე გაგზავნილი წერილები და ეს თხოვნაც დაწერილია დადიანების კარის ეკლესიის წინამძღვრის "დეკანოზ იოანე იოსელიანის მიერ, რომელიც წრფელი გულით მირჩევდა საიმპერატორო ტახტის ქვეშევრდომი გავმხდარვიყავი". 1810წ. 17 თებერვალს იმპერატორმა ალექსანდრე I აფხაზეთის მთავრის "სათხოვარი პუნქტები" დაამტკიცა. მოტანილი მასალები ნათლად გვიჩვენებენ, რომ რუსეთის "ქვეშევრდომობის" ქვეშ აფხაზეთი შევიდა როგორც საქართველოს ისტორიული პროვინცია, როგორც "წევრი სამეგრელოისა". ამაში გადამწყვეტი როლი მიუძღვის სამეგრელოს დროებით მმართველს, გიორგი XII-ს ქალიშვილს ნინო დადიანს, რომელსაც რუსეთის დახმარებით აფხაზეთის საკუთარი სამთავროს შემადგენლობაში დაბრუნების მიამიტური სურვილი ამოძრავებდა. საქართველოს მთავარმართებელი ა.ნ. ტორმასოვი 1810წ. 11 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გრაფ წ.პ. რუმიანცევს წერდა, რომ სწორედ ნინოს მონდომებას უნდა ვუმადლოდეთ საფარ-ბეის გადმობირებას, რათა ის მთელი თავისი სამფლობელოთი რუსეთის სამუდამო მფარველობაში და ქვეშევრდომობაში შემოსულიყო~. ყოველივე ამის შემდეგ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ დღევანდელი რუსეთის მესვეურთა ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებას აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ ამართლებენ ცრუისტორიით – რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ვითომ საქართველოსაგან ცალკე შესვლის შესახებ. სინამდვილეში კი რუსეთის "მფარველობაში" აფხაზეთი შევიდა როგორც ისტორიული საქართველოს პროვინცია და საქართველოს მთავარმართებლებს დაექვემდებარა.

დანარჩენი აფხაზეთისგან ცალკე მოაწერეს ხელი ქართულ ენაზე შედგენილი ფიცს წებელდის მფლობელმა მარშანიებმა, რომლებიც ლევან V დადიანის მიწვევით 1815წ. 29 ნოემბერს ოქუმში ჩამოვიდნენ. ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია: "ქ. ჩვენ ქვემო ხელის მომწერელნი წებელის თემის ბატონები, თავადი მარშანიები მოგართმევთ ამ წერილს თქვენს უგანათლებულესობას მთავარს დადიანს ლეონს, ასე რომ ჩვენ მამა-პაპით თქვენის მამა-პაპის თუმცა მორჩილები და ეთგულები ვიყავით, მაგრამ რომელმანვე შემთხვეულმა შფოთებმა დაშორებულ ვიქმენით ერთმანეთისაგან, და აწი გინებებიათ ჩვენი თქვენდა მახლობლობა და პირველისამებრ სიყვარული და წყალობა განგვიახლეთ, და ჩვენ რწმუნებულ ვართ ამ თქვენის ჭეშმარიტის სიტყვით ჩვენდა დაჯერებას და ჩვენც ვფიცავთ ამას წმინდა ალყურანსა ზედა ესრეთ, რომელ პირველ ყოველთასა ვიყვნეთ არა რაისამე შინა წინააღმდგომ მისის დიდებულების რუსეთის ხელმწიფისა იმპერატორის ალექსანდრე პავლეს ძისა, და მისგან დაწესებულთა ამა მხარეთა. მმართებელთა საშუალობითა თქვენითა. და თქვენისაცა ბრძანებისა ჩვენგან შესაძლებელსა მორჩილ და შეძლებისამებრ მტერთა რუსეთისა და თქვენის უგანათლესბულესობისათა წინააღმდგომ ყოვლითა გზითა..." ინტერესმოკლებული არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ წებელის გამაჰმადიანებულმა მფლობელებმა ყურანზე დაიფიცეს ქართველი მართლმადიდებელი ღვთისმსახურების – ციშის მიტროპოლიტ გრიგოლის (ჩიქოვანი), არქიმანდრიტ გიორგისა (კუხალაშვილი) და დეკანოზ იოანე იოსელიანის წინაშე. მოტანილი დოკუმენტიდან, რომელიც მიტროპოლიტ გრიგოლის ბეჭდითაა დამოწმებული, კარგად ჩანს, რომ ცებელის თემი, მის მფლობელთა აღიარებით (და სხვა მრავალი წყაროს მიხედვითაც), ისტორიულად (XVII საუკუნემდე) სამეგრელოს შემადგენლობაში შედიოდა; ამიტომაც დაიფიცეს მათ რუსეთისა და ლევან V დადიანის ერთგულებაზე.

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები