პოლიტიკა

ფინეთი გმობს სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას

13.11.18 15:45


„წელს აღინიშნება რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატო ფინეთის სოლიდარობა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვგმობთ ბოლო პერიოდში ქარელის რაიონში მიმდინარე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესს, ისევე როგორც მსგავსი სახის გამოვლინებებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე” – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტინო სიონმა, ჰელსინკიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობას ადგილზე და ამ მხრივ ფინეთის ჩართულობას. მისი განცხადებით, საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად დგას ევროკავშირის დღის წესრიგში და ევროკავშირი ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე გამოხატული ღია მხარდაჭერა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც მისი განცხადებით ერთადერთი საერთაშორისო მისაა ადგილზე და მნიშვნელოვანი როლი აკისრია შემდგომი ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას და ისაუბრა ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” რაც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის იმ სარგებლისა და პროგრესის გაზიარებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესმა მოუტანა. ​





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები