საზოგადოება

იტალიელ მეცნიერებს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

19.11.18 18:20


ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება იტალიელ მეცნიერებს – ნობელის პრემიის ლაურეატ რიკარდო ვალენტინის და ჯუზეპე ერამოს მიენიჭათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება საერთაშორსო რანგის ორ იტალელ მეცნიერს, პროფესორ რიკარდო ვალენტინის და დოქტორ ჯუზეპე ერამოს მიენიჭა.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, საპატიო ჯილდოები საქართველოში, კერძოდ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ იტალელ მეცნიერებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

ნობელის პრემიის ლაურეატი რიკარდო ვალენტინი ტუსკიას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი და ხმელთაშუა ზღვის აუზის კლიმატის ცვლილების ცენტრის (CMCC) სტრატეგიული დირექტორია.

დოქტორი ჯუზეპე ერამო კი ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის (MIFP) პრეზიდენტია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ორივე მეცნიერს მრავლწლიანი მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებთ.

ღონისძიებას, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში ჩატარდა, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მკვლევარები ესწრებოდნენ.
არჩილ ფრანგიშვილმა პროფესორ რიკარდო ვალენტინისა და დოქტორ ჯუზეპე ერამოს საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა კოლაბორაციის მნიშვნელობაზე იტალიელ მეცნიერებთან, ასევე იმ მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობებზე ინოვაციების მიმართულებით, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა.

არჩილ ფრანგიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან იტალიელი მეცნიერებისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების წინაპირობა სწორედ ეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გახდა.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ სახით გადაგვეხადა მადლობა პროფესორ რიკარდო ვალენტინისა და დოქტორ ჯუზეპე ერამოსთვის, მათი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის ჩვენს უნივერსიტეტთან, რაც არაერთი წელია გრძელდება. ნობელიანტი რიკარდო ვალენტინი ბიოფიზიკოსია და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ავტორია. ის კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის – IPCC-ის წევრია. 2015 წელს მას „ევროპის საუკეთესო ეკოლოგის“ ტიტული მიენიჭა. მისი კვლევები დაკავშირებულია ეკოსისტემების ფართომასშტაბიან რეგიონულ შეფასებასათან და ძალიან ღირებულია მსოფლიო მასშტაბით. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა ეკოსისტემების მეტროლოგიური მონიტორინგის გლობალური ქსელის დანერგვა. მისი მონაწილეობით შესრულდა არაერთი პროექტი NASA-ს და ევროკომისიისთვის. ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევარები რიკარდო ვალენტინისთან ერთად ეკოსისტემის მონიტორინგის ისეთი ქსელის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც საქართველოს მოერგება და მისი დანერგვით ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი პრობლემა გადაიჭრება. ორივე მეცნიერი ჩამოსულია სამუშაო ვიზიტით. ვგეგმავთ, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავებას, მათ შორის HORIZON 2020-ში მონაწილეობისთვის. ეს კი ტექნიკურ უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს, განავითაროს და გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

როგორც სტუ-ის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით თავხელიძემ აღნიშნა, ჯუზეპე ერამოს სამეცნიერო ინტერესები გამოყენებითი ფიზიკის საფუძველზე თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.
„დოქტორი ერამო და ხმელთაშუა ზღვის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები მრავალი წელია თანამშრომლობენ ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევარებთან. ევროკომისიის დაფინანსებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი გვაქვს შესრულებული და მათი დანერგვა წარმატებით შეიძლება მოხდეს სხვადასხვა დარგში. ამჟამად კი, უახლესი ტექნოლოგიებით, ე.წ. ახალი მასალებით დამზადებული მზის ენერგეტიკული პანელების გამოყენების საკითხებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით თავხელიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა რიკარდო ვალენტინიმ და დოქტორმა ჯუზეპე ერამომ ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფებთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, ასევე, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექციები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „გლობალური დათბობის გამოწვევები ახალ ათასწლეულში“ და „ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის მიმდინარე და პერსპექტიული სამეცნიერო კვლევები“.

წყარო: kvira.ge

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები