პოლიტიკა

გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა

19.11.18 18:30


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს იმის თაობაზე დაუსვა კითხვა, როდის შეხვდება შს მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. ამასთან, სერგი კაპანაძემ ირაკლი კობახიძეს იმის შესახებაც ჰკითხა, როდის დაიგეგმება „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების საკითხს შეეხება.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრის ფორმატსა და კონკრეტულ თარიღზე კონსულტაციები დაინიშნება. „ორი კვირის წინ დავარეგისტრირეთ დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაციების საკითხს. ორი კვირის წინ დარეგისტრირდა და ეს არ არის არც ბიუროს დღის წესრიგში და არც განხილული ყოფილა. რატომ არ არის და როდის დაიგეგმება ამის განხილვა?

ამ თემასთან დაკავშირებით ასევე მოვიწვიეთ შინაგან საქმეთა მინისტრი. მოსვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო თანხმობა. მაინტერესებს როდის მოვა შს მინისტრი? მაგალითად, ამ კვირაში მოახერხებს თუ არა მოსვლას და უმცირესობასთან შეხვედრას?“, - მიმართა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, კოლეგებს შს მინისტრის პარლამენტში მისვლის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები შესთავაზა. „რეგლამენტს რაც შეეხება, კომიტეტს ჯერ არ განუხილავს და ეს არის მიზეზი. რაც შეეხება შეხვედრას, მოგახსენებთ, რომ შს მინისტრთან შეხვედრა ამ კვირაშივე შედგება და შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი“, - აღნიშნა კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები