პოლიტიკა

“ქართველი და ებრაელი ხალხისათვის ღირებულებები, რწმენა და კულტურა პოლიტიკური იღბლისაგან განცალკევებულად არ მოიაზრება”

26.11.18 14:15


„ჩვენი ხალხების – ქართველებისა და ებრაელების მაგალითი, რომლებიც საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზეც კი, სიმშვიდესა და ურთიერთპატივისცემაში ცხოვრობენ და ერთმანეთის მიმართ ძმური სიყვარული გააჩნიათ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტოლერანტობა, მშვიდობა და ადამიანური ურთიერთგაგება სიცოცხლის მუდმივი და მტკიცე თვისებებია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის ებრაული პარლამენტის ასამბლეაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„სიმბოლურია, რომ ევროპის ებრაული პარლამენტის ასამბლეას ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი – თბილისი მასპინძლობს. ჩვენ, მთელ მსოფლიოში, და მათ შორის ევროპაში, მუდმივი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. დემოკრატიისა და მშვიდობის ძალები უდიდესი გამოცდის წინაშე დგანან, ხოლო ტოლერანტობისა და ადამიანური გაგების ტრადიციული ღირებულებები ნელ-ნელა ხუნდება. მაშასადამე, ჩვენი ხალხების – ქართველებისა და ებრაელების მაგალითი, რომლებიც სიმშვიდესა და ურთიერთპატივისცემაში ცხოვრობენ საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზეც კი, და ერთმანეთის მიმართ ძმური სიყვარული გააჩნიათ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტოლერანტობა, მშვიდობა და ადამიანური ურთიერთგაგება სიცოცხლის მუდმივი და გაუხუნარი თვისებებია. როგორც ჩვენი უდიდესი შუასაუკუნეების პოეტი და ფილოსოფოსი, შოთა რუსთაველი ამბობს, „კეთილმა სძლია ბოროტსა, არსება მისი გრძელია”. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც აერთიანებს დღეს ქართველ და ებრაელ ხალხს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნები ახლა დემოკრატიული და პატივცემული სახელმწიფოები არიან, რომლებსაც ერთმანეთთან და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან მეგობრული კავშირები აერთიანებთ.

„თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირებულებები იმ დროში, როდესაც არადემოკრატიული ძალები ცდილობენ წარსულში დაგვაბრუნონ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველი და ებრაელი ხალხისათვის ღირებულებები, რწმენა და კულტურა პოლიტიკური იღბლისაგან განცალკევებულად არ მოიაზრება.

„ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ ჩვენ და მაშასადამე, ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ მსხვერპლად გავიღოთ თავისუფლების, ტოლერანტობისა და ჰუმანურობის ცნება, რადგან ამის გარეშე ვერცერთი ერი ვერ გადარჩება პოლიტიკური ერთეულის რანგშიც კი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქართველი და ებრაელი ერის ისტორიულ მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ებრაული სათვისტომო საქართველოში ჩვენი ეროვნული ისტორიის ნაწილია.

„ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით გადარჩენაში და ერთმანეთს ვამდიდრებდით მრავალი საუკუნის განმავლობაში. კომუნისტური რეჟიმი უდიდეს გამოწვევად იქცა ჩვენი ხალხებისთვის. ქართველებისა და ებრაელებისათვის, კომუნიზმი იყო გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ეროვნულობის ან ფიზიკური გადარჩენისათვის, არამედ იგი წარმოადგენდა უდიდეს საფრთხეს ჩვენი თვითმყოფადობისთვისაც. როგორც ხედავთ, ჩვენ ამ წლებს არა მხოლოდ გადავურჩით, არამედ ამ გამოცდამ და დევნამ გაგვაძლიერა კიდეც.

საქართველო ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. შთაგონებას ჩვენი ებრაელი მეგობრები გვაძლევენ, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, ძლიერი, დემოკრატიული და პატივსაცემი ერია რეგიონში. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ლიბერალურ და დემოკრატიული ღირებულებებზე და საბოლოოდ გაწევრიანდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ქართველი ხალხის პრიორიტეტი არ რის და ეს აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სათვისტომოებისთვისაც. მისივე განცხადებით, ქვეყნის განვითარება და აყვავება მხოლოდ დემოკრატიული სისტემის მეშვეობით არის შესაძლებელი. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამისთვის მზად არის. ამ კონტექსტში, მან ყურადღება განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ ქართველი ხალხი ახალ დონეზე გადაიყვანა. წელს ჩვენ დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გრძელვადიან დემოკრატიულ მოდელს, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ნებისმიერი ავტოკრატიული რეჟიმის უკან დაბრუნებას ხელისუფლებაში. იმ საპარლამენტო რესპუბლიკას, რომელიც ჩვენ შევქმენით, დემოკრატიული ერის ყველა თვისება გააჩნია – ძალთა თანაბარი გადანაწილება ხელისუფლების შტოებს შორის, ასევე ოპოზიციის გაზრდილი უფლებები და ბოლოს, არჩევანის მეტი თავისუფლება საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის, ყველა ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობის წარმომადგენლებისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული პრიორიტეტები გამოიხატება დინამიურ საგარეო ურთიერთობებშიც, რომელიც მიმართულია მეგობრული ურთიერთობების განვითარებისაკენ მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებთან.

„მშვიდობიანად ვცხოვრობთ ჩვენს ყველა მეზობელთან ერთად, გარდა ავტოკრატიული რუსეთისა, და უფრო და უფრო ვუახლოვდებით ჩვენს ეროვნულ მიზანს ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე – ევროკავშირისა და ნატოს წევრობას. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაც განსაკუთრებულია და ჩვენ უკვე ურთიერთგაგებისა და მხარდაჭერის ახალ ეტაპს მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში. და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო-ისრაელის მეგობრობა ღირს იმად, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ათასწლეულების მანძილზე არსებული ურთიერთობა ურთიერთ პატივისცემის, მხარდაჭერის, აღტაცებისა და ძლიერი პარტნიორობის საფუძველზე. ვიცი, რომ მრავალი ებრაელი, რომელიც საქართველოდან ისრაელში გაემგზავრა, ძლიერ ნოსტალგიას გრძნობს თავისი მეორე სამშობლოს მიმართ. მრავალი მათგანი დაბრუნდა. მათ თავისი მეგობრებიც ჩამოიყვანეს ტურისტებად. საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა უპრეცედენტოა. ჩვენ მათ ყოველთვის მივესალმებით და ველით”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ისრაელის სახელმწიფოს მადლიერია მუდმივი მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.

„მსურს, ჩემი გამოსვლა შიმონ პერესის სიტყვებით დავასრულო, რომელიც ევროპის ებრაული პარლამენტის სულისჩამდგმელია: „მახსოვრობაზე მეტად ჩვენი წარმოდგენა უნდა გამოვიყენოთ”. საქართველო-ისრაელის, ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ძალიან კარგი მოგონებები გვაქვს, თუმცა უფრო ფართოდ უნდა ვიოცნებოთ მშვიდობაზე, დემოკრატიაზე და კაცობრიობისათვის უფრო კეთილშობილურ მიზანზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები