პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება!

28.11.18 16:30


პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლაგოდეხში, მე-15 უბანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვის თაობაზე დავალება მიიღო. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ აქვს მცდელობა, ის გააკეთოს, რასაც 2012 წლის ჩათვლით აკეთებდა.

„გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში, მე-15 უბანში, „ნაცმოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვის თაობაზე მიიღო დავალება. მას მოსთხოვეს ბიულეტენების მოპარვა იმისთვის, რომ ბოლოს, ხმის დათვლის დროს არ გაჩნდეს ბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ბალანსის უზრუნველყოფა არის საჭირო, როცა ითვლება ხმები და როდესაც ამ მონაცემებს აკლდება ცარიელი ბიულეტენები, ბალანსი არ დგება. ეს არის კიდევ ერთი მითითება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ კომისიის წევრმა მიიღო. ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს მცდელობა, ის გააკეთოს ოპოზიციის რანგში, რასაც აკეთებდა თავის დროზე 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ის ხელისუფლებაში იყო, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას მუდმივად სწორედ გაყალბების შედეგად ინარჩუნებდა. ბუნებრივია, მათ ამ მასშტაბის გაყალბების თავი დღეს აღარ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა, საკუთარი რესურსების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა არჩევნების გაყალბებას შეეცადონ. მათ არ აქვთ ამის შანსი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, მათ შორის, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ სქემის სათავეში დგანან.

„ჩვენ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ შეშინებული სახეები, როდესაც ისინი ამ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ ამ სქემას აუცილებლად უმკაცრესი რეაგირება ექნება და გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ სქემის სათავეში დგანან. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ასევე, მოვუწოდებ დამკვირვებლებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, იმისთვის, რომ ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე რეაგირება მოხდეს“ , -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები