პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განცხადებას ავრცელებს

28.11.18 17:40


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განცხადებას ავრცელებს.

„28 ნოემბერს საზღვარგარეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში. ამ დროისათვის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს 52 უბანზე.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები 08:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს.

ყველა უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეორე ტურის წინ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს:

გადაამოწმეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები https://map.cec.gov.ge; გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენი საარჩევნო უბანია განთავსებული. დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.

ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე;

აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი ვადიანი მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის ქვეყანაში საელჩოს/საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს http://bit.ly/ConsularHotLine.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა (სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები) მაქსიმალურად უზრუნველყვეს საარჩევნო გარემოსათვის აუცილებელი პირობები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები შეფერხების გარეშე განახორციელებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და საკუთარ წვლილს შეიტანენ არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები