პოლიტიკა

საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება

07.12.18 17:00


საქართველოს რეფორმების კურსს და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას დაეთმო საუბარი საქართველოსა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და დიტმირ ბუშატის შეხვედრის დროს.

შეხვედრა ქ. მილანში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებასა და წინსვლას როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ და ამ მხრივ, დადებითად შეაფასა ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. დიტმირ ბუშატმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებს; საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს პრობლემატიკას სათანადო ადგილი დაეთმობა ეუთოში ალბანეთის თავმჯდომარეობის პერიოდში.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძონ მაღალ დონეზე კომუნიკაცია და კავშირები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები