მსოფლიო

ნიცაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

15.07.16 14:50


ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 14 ადამიანი რჩება.

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან.

დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გამოიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ორგანიზატორი სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოა“.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები