პოლიტიკა

საგარეო: ქართული მხარე არ ცნობს ვენესუელის პრეზიდენტის ახალი მანდატის ლეგიტიმურობას

10.01.19 17:00


საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას.

"ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახადარასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისოთანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურადარჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.

ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან",-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები