პოლიტიკა

იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს

11.01.19 11:45


იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირებამ უკვე ინტერნეტქსელშიც გადაინაცვლა. საბჭოს არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე ასევე არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს აკრიტიკებს და მათ არასამთავრობო სექტორისგან მართულებს უწოდებს:

„არჩევიდან დღემდე საქმიანობას ვახორციელებ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, განსხვავებით ანა დოლიძისგან და ნაზი ჯანეზაშვილისგან, რომლებიც არ არიან საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.

მათი მიზანი არ არის საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება. ისინი დამოკიდებულნი არიან და ახმოვანებენ სასამართლო სისტემის მიმართ ოპოზოციურად განწყობილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან სასამართლო სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მათი მიზანია სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის მოხდენა და მათთვის სასურველი კადრების დანიშვნა, ხოლო, აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, თითქოს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით შენიღბულნი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ცდილობენ გრანტების მიღებას. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მართულნი არიან ზოგიერთი სასამართლოს მიმართ ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ. ისინი სწორედ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების დავალებით, მიზანმიმართულად ცდილობენ ტენდენციური და პოპულისტური განცხადებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველ ყველა საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შეფერხებას. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი თითქმის ყველა საკითხზე პრინციპულად და უსაფუძვლოდ არ ეთანხმებიან საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოსაზრებებს და ცდილობენ მოახდინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბლოკირება.“- წერს შოთა ქადაგიძე.

ნაზი ჯანეზაშვილს აკრიტიკებს იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი წერვი სერგო მეთოფიშვილი. ის ჯანეზაშვილს შეცვლილი სახელით მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მისგან იუსტიციის საბჭოს მუშაობაში ხელის შეშლის მეტი არაფერი ახსოვს:

„ვინმეს ახსოვს, რომ მას სასამართლოში რეალურად არსებულ რომელიმე პრობლემაზე ან გარეთ ან შიგნით ესაუბრა???

სასამართლოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარების მიზნით საბჭო გადაწყვეტილებებს რომ ღებულობს, ერთხელ მაინც მან ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღო მონაწილეობა??? ვინმეს ახსოვს ასეთი შემთხვევა???

სასამართლოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარების მიზნით მიღებელ გადაწყვეტილებებში, მისგან ხელშეშლის გარდა, რაიმე სხვა ვინმეს ახსოვს???

მოკლედ, რომ ვთქვათ - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი იყო “მოსამართლეთა ასოციაცია ერთობის” დირექტორი. როდესაც მოსამართლეებმა რეალურად გაიგეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის რეალური მიზნების შესახებ, უკლებლივ ყველამ დატოვა ეს ორგანიზაცია და ისიც ბუნებრივია დაიშალა.

სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია - შინაგანად ნაზიბროლა ჯანეზაშვილი ისევ იმ “ერთობის” დირექტორად დარჩა და იგივე მიზნები აქვს!“- წერს სერგო მეთოფიშვილი.

კოლეგების მწვავე განცხადებებს მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს უწოდებს ნაზი ჯანეზაშვილი

„მიჭირს რაიმე ვთქვა ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც პრინციპები არ გააჩნია, არ არიან ერთგულები ღირებულებების, რომელიც საჭიროა ამ ქვეყნისთვის, სასამართლოსთვის, დემოკრატიისთვის. ამიტომ ძნელია ვისაუბრო ამ ადამიანებზე და კომენტარის გაკეთებაც მიჭირს, როდესაც ვსაუბრობ სერგო მეთოფიშვილზე, ქადაგიძეზე. ეს არის წინასწარ დაგეგმილი და მაშინ როდესაც ყველა, სერგო მეთოფიშვილი, ქადაგიძე და ხარებავა ერთნაირი პათოსით გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, ბუნებრივია აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის წინასწარ განზრახული და დაგეგმილი კამპანია ჩემს წინააღმდეგ.“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები