პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია

11.01.19 17:40


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავარია, რომ სასამართლოს მიმართ არსებობდეს ნდობა არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხრიდან.

პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მთელ პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

„დავიწყებ იმით, რომ სასამართლოს რეფორმა და ნდობა მის მიმართ არის ქვაკუთხედი ჩვენი დემოკრატიის და სხვა ყველაფრის. ევროკავშირში ჩვენი მომავლის საწინდარი არის ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლო.

ნდობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მეოთხე სტადიაზე და ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენი საზოგადოების და შემდეგი თაობების მომავალს. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება როგორც მთელი საზოგადოება, ისე პრეზიდენტი არ იყოს ყურადღებით მთელი ამ პროცესის მიმართ, თუ რა სისწრაფით იქნება შემოტანილი რეფორმის მეოთხე ეტაპი, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ ეკიდება ამას საზოგადოება. მე არ ვარ არც ინდიფერენტული, არც ნეიტრალური, ვარ ძალიან დიდი მომხრე ამ რეფორმის და ასე იქნება ბოლომდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია გამოხატოს.

„რაც შეეხება იმას, თუ რა არის რომელიმე მოსამართლის მიმართ ჩემი პოზიცია, მე არ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლება თქვენც და ბევრმა სხვამაც იცით. მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებს.

ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ის ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ რისკს.

ამდენად, ეს ყველაფერი მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე მივესალმები იმას, რომ ის, რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურად, დღეს არის გადატანილი სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ, რომ ეს მისცემს ყველას დროს, იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცედურების შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოს მიმართ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები