პოლიტიკა

თბილისის მერია “მანქანის გაზიარების” სისტემის დანერგვას გეგმავს

15.01.19 17:40


თბილისის მერია მანქანის გაზიარების (ე.წ “ქარ შეარინგი”) დანერგვას გეგმავს. მერის თქმით, უკვე შერჩეულია ერთი კომპანია, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით თბილისში ელექტრო მანქანებს გააქირავებს. კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი ბევრ ევროპულ ქალაქში მოქმედებს. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ ელექტრო მანქანის დაქირავებას მოქალაქეები “მისაღებ ფასად” შეძლებენ.

“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილზე იქნება გაჩერებული. მათ შეეძლებათ ამ ავტომობილით მთელი დღის მანძილზე ან რამდენი ხანიც მოესურვებათ ისარგებლონ. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანი იყო და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი. ერთი ბიზნეს ჯგუფი ამ პროექტით დაინტერესდა და ისინი უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას,”-ამბობს კალაძე.

პროექტის შესახებ თბილისის მერმა Facebook live-ის დროს ისაუბრა.

კალაძის თქმით, ავტომობილის გაღება, დაქოქვა და შემდეგ გაჩერება აპლიკაციის მეშვეობით მოხდება. მერი განმარტავს, რომ პროექტის პირველ ეტაპზე სამი სახის ავტომობილს: ნისანს; სმარტსა და რენოს ჩამოიყვანეს.

ავტომობილთა საერთო რაოდენობა პირველ ეტაპზე 300 იქნება.

როდის დაიწყება პროექტის განხორციელება, რომელმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი; ელექტრო ავტომობილების ჩამოყვანის თანხას მერია დაფარავს ან როგორი იქნება ქალაქის მთავრობის მონაწილეობა ამ პროექტში. ამ საკითხებზე კახა კალაძემ არ ისაუბრა. ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ პროექტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები