პოლიტიკა

კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესს დაესწრო

21.01.19 12:15


დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ღონისძიების თბილისში ჩატარება, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე დადებით გავლენას მოახდენს.

„დღეს, აქ სწორედ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქმნიან ტურისტულ ამინდს. მე, რა თქმა უნდა, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმართება საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რომ თბილისი შედის ტოპ ათეულში იმ ქალაქებს შორის, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მონაწილეები საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

„როგორც ვიცი, გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, ღონისძიება მოიცავს თბილისის პრე და პოსტ ტურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ჩვენი სტუმრებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, ზოგიერთი მონაწილე პირველად, ხოლო სხვები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ჩვენი პატარა და მრავალფეროვანი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფერედერაცია ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს და ნაციონალური თუ მსოფლიო ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კონგრესს 60 ქვეყნის ასზე მეტი ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიებას თბილისი 20 იანვრიდან 25 იანვრამდე უმასპინძლებს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები