საზოგადოება

შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა

08.02.19 12:30


შინაგან საქმეთა სამინისტროს "სისტემური განახლებისას", საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-სთვის დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიქმნა აღნიშნული სამსახური. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება.

სისხლის სამართლის სამართალწარმოებისას კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს იმ მსხვერპლებთან კომუნიკაციის საკითხს, რომლებიც ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის შედეგად არიან დაზარალებულები. ასევე, პრიორიტეტულია არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
დაზარალებულებთან/მოწმეებთან კომუნიკაცია.

პირველ ეტაპზე კოორდინატორები, „საპილოტე“ რეჟიმში, თბილისში, რუსთავსა და მარნეულში იმუშავებენ. აღნიშნულ პოზიციაზე 6 ადამიანი დასაქმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოორდინატორების პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

განაცხადის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.hr.police.ge. განაცხადების მიღება 21 თებერვალს დასრულდება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები