პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს c ჰეპატიტს

11.02.19 16:10


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე გამოსვლისას, ჯანდაცვის პროგრამასა და მის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2012 წლიდან „ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ჯანდაცვა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული: „დღევანდელი დღის მნიშვნელობა მართლაც რომ განსაკუთრებულია, ვინაიდან ამ სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება. ის სრულად პასუხობს და ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც, დღეისთვის და მომავალი წლების განმავლობაში, მსოფლიოს პროგრესის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სწორედ საქართველო შეირჩა – ვირუსული ჰეპატიტების საკითხზე პირველი რეგიონული კონსულტაციების ქალაქად სწორედ თბილისი იქნა არჩეული.

ეს არის ჩვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის სფეროში გახორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი – c ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარება. მსურს, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა და, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა: „ჯანდაცვაში ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა და, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გავახორციელეთ.

თავიდან ბოლომდე შევცვალეთ საბიუჯეტო აქცენტები, რომლებიც დაგვხვდა. დღეს, ჯანდაცვის პრიორიტეტებში, ძალიან სწორად გაანალიზებული აქცენტები გვაქვს დასმული და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, ციფრები და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებსაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე აქვს წვდომა. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, c ჰეპატიტი კვლავაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და, ამ დაავადებასთან ბრძოლაში, როგორც მთავრობების, ისე – სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს: „2015 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მოსახლეობის თითქმის 8% C ჰეპატიტის მატარებელი იყო და ეს ძალიან რთული გამოწვევა გახლდათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო მხარდაჭერა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორისგან – აშშ-სგან მივიღეთ.

ასევე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია ,,გილეადისა” და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში c ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება და დანერგვა გახდა შესაძლებელი. დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, c ჰეპატიტით დაავადებული ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია. ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში, ფაქტობრივად, განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან, ფინანსურად, დამოუკიდებლად გამკლავება თითქმის წარმოუდგენელი იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი, საშუალოდ, 98%-ია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს c ჰეპატიტს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები