პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

12.02.19 10:30


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები და საქართველო-სლოვაკეთის ურთიერობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ეუთო-ს მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.

„შეხვედრისას განიხილეს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მუშაობის პრიორიტეტები, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის უმძიმესი შედეგები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო.

სალომე ზურაბიშვილმა და მიროსლავ ლაიჩაკმა ასევე ისაუბრეს საქართველო - სლოვაკეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებასა და გაღრმავებაზე, მათ შორის, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავსტრიაში და ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით დონდუა ესწრებოდნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები