ეკონომიკა

რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა

12.02.19 12:45


ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, ორი ადგილით გაუმჯობესდა და, ევროპის 46 ქვეყანას შორის, მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა. როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს იყენებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღნიშნული რეიტინგების ქულებს ეფუძნება.

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია სამი ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 0.48 პუნქტით და, შედეგად, 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 83.28 ქულა აქვს.

საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „კორუფციის აღქმის ინდექსში” ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა და ქვეყანა, წინა წელთან შედარებით, ხუთი პოზიციით დაწინაურდა და, 180 ქვეყანას შორის, 41-ე ადგილზე გადმოინაცვლა 58 ქულით. „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში საქართველო, რეგიონის ქვეყნებს შორის, ლიდერია. საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ლიტვა (მე-18 ადგილი), ლატვია (მე-19 ადგილი), პოლონეთი (მე-20 ადგილი), სლოვენია (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), ბელორუსია (27-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მაკედონია (31-ე ადგილი), უნგრეთი (32-ე ადგილი), თურქეთს (34-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), ყაზახეთი (40-ე ადგილი), მოლდოვა (42-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (44-ე ადგილი) და უკრაინა (46-ე ადგილი).

ცნობისათვის, რეიტინგის ლიდერია დანია (86 ქულით), რომელსაც მოჰყვება ნორვეგია და შვედეთი, ხოლო რეიტინგში ბოლო (46-ე) პოზიციაზეა უკრაინა. ევროპის პალატის 2019 წლის კვლევა „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ აფასებს ბიზნესის მთლიან კონტექსტს, რომელიც შედგება კორპორატიული გარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და პირობებისაგან, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს, ან, პირიქით, ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ისე – წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით (როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში).

ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 100 ქულამდე, სადაც 0 ქულა წარმოადგენს ყველაზე ცუდ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს კუთხით, 100 ქულა კი – საუკეთესოს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები