ეკონომიკა

თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 62 მილიონი ლარის სესხს აიღებს

13.02.19 11:00


თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 62 მილიონი ლარის სესხის აღებას გეგმავს. ეს თანხა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

როგორც საკრებულოს უმრავლესობაში განმარტავენ, ამ პროექტებზე ცენტრალური მთავრობიდან 100 მილიონი ლარის ტრანსფერია გათვალისწინებული, თუმცა, ვიდრე ეს თანხა გამოიყოფა, იმისთვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, მუნიციპალიტეტი საკრედიტო ხაზის გახსნას გეგმავს.

საკითხი ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს და უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

„დაახლოებით, 100 მილიონ ლარზე მეტი ტრანსფერი იგეგმება დედაქალაქის ბიუჯეტში რომ განხორციელდეს. თუმცა, ის შეიძლება, ცოტა მოგვიანებით, მეორე კვარტლის ბოლოს იყოს განხორციელებული.

გამომდინარე იქიდან, რომ დრო არ დავკარგოთ იმიტომ, რომ პროექტების რეალიზაციას სჭირდება ტენდერების გამოცხადება, წინასაპროექტო გამოცხადება, ამის დაზუსტება და ა.შ. და აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მერიამ გამიჩინა ინიციატივა, რომ გარკვეული საკრედიტო ხაზი შეიქმნას, 62 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის, რომელიც იქნება უკვე ფინანსური საფუძველი, რომ კაპიტალური ინვესტიცია განხორციელდეს დედაქალაქში,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

ინიციატივას არ იზიარებს ნაციონალური მოძრაობა. ფრაქციის შეფასებით, ამის აუცილებლობა არ არის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება ახლა არ იყო. მაგალითად, მხოლოდ ბიუროკრატია რომ შეემცირებინათ, 40 მილიონი ლარის მობილიზებას მხოლოდ აქედან შეძლებდნენ და ასევე იმ ტენდერებიდან და იმ კორუფციული გარიგებების ნაცვლად, რომ ყოფილიყო სამართლიანი გამჭირვალე მმართველობა დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დარჩებოდა თბილისის მერიას. ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ ისინი არასწორად მართავენ ქვეყანას, არასწორად მართავენ ქალაქს და იზრდება დღიდან დღემდე, როგორც ცენტრალური ვალი ქვეყნის, ასევე თბილისის მერიის ვალი,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები