ეკონომიკა

ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის

13.02.19 13:20


საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2019 წლის 31 იანვრისთვის 3,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

იანვარში რეზერვები 115,9 მლნ დოლარით, ანუ 3,5%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო რეზერვების დაგროვება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. საერთაშორისო გამოცდილებამ, ასევე ემპირიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეზერვების ადეკვატური დონე ამცირებს ქვეყნის რისკსა და კრიზისის ალბათობას. ეს, თავის მხრივ, საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ზრდის. რეზერვების შენარჩუნება ადეკვატურ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნებისთვის და ღია ეკონომიკის მქონე ისეთი მცირე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.

სად არის განთავსებული საერთაშორისო რეზერვები
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საანგარისწორებო ბანკების ანგარიშებზე, ან ჩადებულია მაღალი ლიკვიდურობის ფასიან ქაღალდებში.

როგორ ივსება ეროვნული ბანკის რეზერვები
რეზერვების შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სავალუტო აუქციონები. ამის მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს 85 მლნ დოლარი შეისყიდა.

თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სავალუტო აუქციონებთან ერთად გამოიყენებს ახალ ინსტრუმენტს – სავალუტო ოფციონებს.

სავალუტო რეზერვები და ლარის კურსი
ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების შევსება ვალუტის მხოლოდ შიდა ბაზრიდან ამოღებით არ უნდა ხდებოდეს.

ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის აზრით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების ბევრი ხერხი არსებობს. როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ბაზრიდან იღებს, ლარის რეალური კურსის გარკვევა რთულია.

თუ ქვეყანაში თავისუფალი გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ხელი არ უნდა შეუშალოს ადგილობრივი ვალუტის გამყარებას ან გაუფასურებას, აღნიშნავს ჯანიაშვილი.

საბანკო სექტორის ახალი რეკორდი და შიშნარევი მოლოდინები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რეგულატორის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა კურსის რყევაზე სერიოზულ ზემოქმედებას არ ახდენს, ხოლო ოფციონების დანერგვა კიდევ უფრო შეამცირებს ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ზეწოლას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები