პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი - დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2020 წელს ერთიანი გუნდით შევხვდეთ

14.02.19 16:15


დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2020 წელს ერთიანი, მთლიანი გუნდით შევხვდეთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ გუნდის შესაძლო დატოვების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მათიკაშვილმა ასევე ისაუბრა უმრავლესობის ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს და რომლის შემჭიდროებულ ვადებში განხილვის მოთხოვნითაც ბესელიამ კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.

„კანონპროექტმა უნდა გაიაროს კონსტიტუციურობის ტესტი. ჩვენ ამ საკითხის გარშემო ჯერ არ გვიმსჯელია, ამ საკითხზე ცხადია, გვექნება არგუმენტების მოსმენა და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. პირველი, რაც ამ კანონპროექტმა უნდა ჩააბაროს, ეს არის კონსტიტუციურობის ტესტი.

შეიძლება იყოს კიდევ რამდენიმე კითხვა. ამიტომ ჯერ არგუმენტებს უნდა მოვუსმინოთ. კანონპროექტთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები ექნება საზოგადოებას მას შემდეგ, რაც შესაბამის არგუმენტებს მოვისმენთ კანონპროექტის ავტორისგან - აბარებს თუ არა ეს კანონპროექტი კონსტიტუციურობის ტესტს", - განმარტავს მათიკიშვილი.

რაც შეეხება კითხვას, ეკა ბესელიას მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების და გუნდიდან თანამოაზრეების „გადაბირების“ შესახებ, მათიკაშვილი პასუხობს, რომ „უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესები რჩება უმრავლესობის შიგნით".

მათიკაშვილის აზრით, ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნოს.

„არის რესურსი უმრავლესობის მთლიანობის შენარჩუნების და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2020 წელს საზოგადოების წინაშე ერთიანი, მთლიანი გუნდით წარვდგეთ. კონკრეტული პირების გადაწყვეტილება, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს არის უკვე მათი გადაწყვეტილება", -აცხადებს დავით მათიკაშვილი.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები