პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, უსაფრთხო ევროპის არსებობა შეუძლებელია

15.02.19 11:30


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატო-სა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

დავით ზალკალიანმა მთავარი აქცენტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და რეგიონში ნატო-ს როლის გაძლიერებაზე გააკეთა. მისი თქმით, შავი ზღვის აუზში ნატო-ს გაძლიერება რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, შავ ზღვაზე ძლიერი და სანდო პარტნიორების არსებობა ალიანსისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია.

„შავი ზღვა მშვიდობისა და მდგრადი განვითარების რეგიონად უნდა იქცეს, სადაც ქვეყნები თავიანთ ერთიან ძალისხმევას სტაბილურობის განმტკიცებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართავენ.

საქართველო ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს შავ ზღვაზე ნატო-ს გაძლიერებულ ჩართულობას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამ კონტექსტში, მან ნატო-ს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი სტრატეგიის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელიც უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს შავი ზღვის ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით გაუმკლავდება.

“უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა. ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ნატო-ს განსაკუთრებით აშფოთებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, კრიზისი, რომელიც მან შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში და აზოვის ზღვაში. ყოველივე ეს აშკარას ხდის რუსეთის სტრატეგიას: გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რეგიონის სხვა სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანია დააშინოს რეგიონში დასავლეთის მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და ე.წ. გავლენის სფეროები ევროპაში”, - განაცხადა ზალკალინმა.

საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის პოლიტიკაზე დააშინოს რეგიონის ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და გავლენის სფეროები ევროპაში. ზალკალიანის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინასა და აზოვის ზღვაში შექმნილი კრიზისი ერთი სქემის მიხედვით ხორციელდება.

“ყირიმამდე და აღმოსავლეთ უკრაინამდე, სქემას საფუძველი საქართველოში ჩაეყარა. საქართველო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უმკლავდება ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან ჰიბრიდულ ომს. მაშინვე ცხადი იყო, რომ რუსეთი არ აპირებდა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან შეგუებას და რეგიონში დაკარგული დომინანტური პოზიციის დაბრუნებისთვის ემზადებოდა. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე გამოუცხადებელი ომი 2008 წელს ორ ქართულ რეგიონზე პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმითა და ამ რეგიონების ოკუპაციით გაგრძელდა.

რუსეთი განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას, ექსპანსიასა და მილიტარიზაციას, და მან უკვე გადადგა ნაბიჯები საქართველოს სუვერენული რეგიონების ანექსიის მიმართულებით”,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ნატო-მ დროულად უნდა შეიმუშავოს უფრო ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული სტრატეგია.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მოკავშირეებთან ერთად აქტიურად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით და უკვე მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია, კერძოდ, თავდაცვის სფეროში ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში.

„ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მზადაა მხარი დაუჭიროს ნატო-ს ინიციატივების გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩვენ ნატო-ელი მოკავშირეების გვერდით ვიდექით - ყოველთვის და ყველგან, სადაც კი ჩვენი მხარდაჭერა საჭირო იყო. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი წვლილის შესატანადაც, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება უსაფრთხოებას უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს“, - დასძინა მინისტრმა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ხშირად წარმოადგენენ რუსეთის პირდაპირ სამიზნეს და „რუსეთის მიერ ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობა ძირს უთხრის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ნატო-ს ღია კარი პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ღია კარის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავების ყველაზე რეალური შესაძლებლობაა. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო თავისი სტაბილური დემოკრატიით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და მზარდი ეკონომიკით მზადაა ნატო-ში გასაწევრიანებლად და ის ნატო-ს წევრი გახდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციაში მონაწილეობს.

მინისტრი გერმანიის ატლანტიკური ასოციაციისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები