ეკონომიკა

საგარეო ბრუნვა: ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა

15.02.19 12:00


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1,2%–ით გაიზარდა და 826,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის პირველ თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იანვართან შედარებით, 7,2%–ით გაიზარდა და 238,8 მლნ დოლარი შეადგინა.

ხოლო იმპორტმა 2019 წლის იანვარში 588 მლნ დოლარი შეადგინა – გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,1%–ით ნაკლები.

საქართველომ 2018 წელს ყველა მაჩვენებლით მორიგი რეკორდი დაამყარა, მათ შორის ექსპორტის თვალსაზრისით. საქართველოს ექსპორტის ზრდის დინამიკა 2016 წლიდან შეინიშნება, ხოლო 2018 წლის მაისში რეკორდული – 50,2-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის გასაღების ბაზრის გეოგრაფიის ზრდით.

გასაღების ბაზარი ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან.

უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები