საზოგადოება

ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისია დაასრულეს

19.07.16 21:20


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისია ოფიციალურად დასრულდა. საერთაშორისო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ხუთკაციანი ჯგუფი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, აღნიშნულიასაქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამხედრო მრჩეველთა მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო, ხოლო ქართველი სამხედროები მისიას ოდნავ მოგვიანებით — 12 აპრილს შეუერთდნენ.

ბეგოიძე სამხედროებს გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

„ჩვენმა ბიჭებმა ეს მისია კარგად შეასრულეს და თავის ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნდნენ. მისიაში 11 ქვეყნის 75 სამხედრო მონაწილეობდა. საქართველოს ხუთი სამხედრო მოსამსახურით იყო წარმოდგენილი. ჩვენი ამოცანა მაღალი რანგის პერსონების ექსკორტირება და დაცვა იყო როგორც გადაადგილების, ისე შეხვედრების დროს“, — განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა გიგა მოდებაძემ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეორე სამშვიდობო მისიის დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია.

ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წინ უძღოდა სამხედრო ოპერაცია ევროკავშირის ეგიდით, რომელიც 2014 წელს დაიწყო. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2013 წლის დასაწყისში ბანგიში ისლამისტური დაჯგუფება „სელეკის“ ბოევიკებსა და მოლაშქრე-ქრისტიანებს შორის შეტაკებები დაიწყო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები